დამოუკიდებელი დეპუტატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე თავისი კანდიდატის „გაყვანას“ შეეცდება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარ კანდიდატს იმ „დათქმით“ დაასახელებს, თუკი „ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟს დაინახავენ“, ან ერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან.
მისივე თმით, სახალხო დამცველის არჩევის წესში ცვლილებების განხორციელება მიზნად „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა და ყველაფერზე კონტროლის დამყარებას ისახავდა.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ თავის ტრადიციას აგრძელებს, რომ ყველა და ყველაფერი აკონტროლოს და შესაბამისად, მისგან არაკონტროლირებადი პირი რაიმე ისეთ თანამდებობაზე არ მოხდეს, საიდანაც გარკვეულ მოვლენებზე გავლენის მოხდენა შეუძლია და ეს ცვლილება ამას ეძღვნებოდა, ვინაიდან სახალხო დამცველის არჩევის მშვენიერი წესი არსებობდა და ჩვენ სახეზე გვაქვს კიდეც იმ კარგი წესის შედეგი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულმა კანდიდატმა როგორ გაამართლა,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გეგმას, როგორც შალვა შავგულიძე განმარტავს, გეგმის შესრულების პროცესი „ამ ხელისუფლების ხელში ძალიან არასწორად მიდის“.
„12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, როგორც სხვა რამე, ამ ხელისუფლების ხელში ძალიან ცუდად და არასწორად მიდის. „ოცნება“ ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რომ ოპოზიციას არ სურს შესრულდეს 12 რეკომენდაცია და საქართველომ კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღოს და ა.შ. ეს არის არასწორი, ვინაიდან ჩვენ საპარლამენტო ოპოზიცია იმ სამუშაო ჯგუფებში არ ვმონაწილეობთ. არ ვმონაწილეობთ, იმიტომ რომ, როდესაც წინასწარ გვიცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაცია არ ბიძინა ივანიშვილს შეეხება, მაშინ როდესაც ევროპარლამენტარებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ “დებიძინიზაცია” უნდა ჩატარდეს თუ ვერ გაიგეთ რა უნდა გაკეთდესო,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
კომენტარები