“თურქეთის ლიდერი რეჯებ ტაიპ ერდოგანი საკმაოდ ავტორიტარული ტიპის მმართველი რომაა, ვიცით. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი ასევე ტიპიური ავტორიტარია და ყაზახეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევიც არ არის დიდი ლიბერალი და დემოკრატი. .
მაგრამ სამივე ეს ავტორიტარი მმართველი არის პოლიტიკოსი და ცდილობს საკუთარი სახელმწიფოს გაძლიერებას და პოლიტიკური გავლენის გაფართოებას. პრინციპში მიხეილ სააკაშვილზეც იგივე შეიძლება ითქვას.
დღეს საქართველოს პრობლემა არის არა მარტო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარი ლიდერია (მისი ავტორიტარულობის ხარისხი შედარებით ნაკლებიც კია, თუმცა, ავტორიტარიზმი ყველა ვარიანტში და ყველგან პრობლემაა), არამედ კიდევ ის, რომ მას პოლიტიკისა არაფერი გაეგება და სახელმწიფოს გაძლიერებისა და გავლენის გაფართოების ნაცვლად მიზანმიმართულად მუშაობს იმაზე, რომ აქ იყოს პოლიტიკური ორღობე.
მისდა სამწუხაროდ (და ჩვენდა საბედნიეროდ) საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ აქ ორღობის აშენება არის პრინციპულად შეუძლებელი. საქართველოში ყოველთვის იქნება დიდი სახელმწიფოების ინტერესთა გადაკვეთა და ის მდგომარეობა, როცა ყველას ჰკიდია აქ რა ხდება და მმართველი თავის ნებაზე ბუჯურობს, არასდროს დადგება.
ამიტომ, იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონის ერთ-ერთი დიდი მოთამაშის, რუსეთის საქმე სულ უფრო ცუდადაა და უკრაინაში სამხედრო ავანტიურის კრახიც გარდუვალი ჩანს, რაც არ უნდა იჩალიჩოს ბიძინა ივანიშვილმა, რა ფულიც არ უნდა დახარჯოს და რამდენი შესანიშნავი ოთხეულიც არ უნდა შეაკოწიწოს ამერიკის იმპერიალიზმთან საბრძოლველად, მაინც არაფერი გამოუვა. საქართველო არასდროს იქნება პოლიტიკური ორღობე და თუ ამ ხელისუფლებას არ შეუძლია სხვანაირად არსებობა (და როგორც ჩანს არ შეუძლია), ის აუცილებლად შეიცვლება, რაოდენ სუსტიც არ უნდა იყოს მისი ოპოზიცია დღეს.
როგორც იტყვიან, ლავუაზიეს კანონია,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი და “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი.
კომენტარები