ყველა ძირითადი პრინციპული საკითხი ამ ეტაპზე შეთანხმებულია, რაც ძირეულ რეფორმებს ითვალისწინებს და თვისობრივად ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობებს იძლევა , – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და “საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, 2024 წლიდან საქართველოში ელექტრონული საარჩევნო სისტემა დაინერგება და საარჩევნო კოდექსში აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად ახალი თავი გაჩნდება.
“ეს არის თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურას შესაბამისი აპარატურის გამოყენებით, ამ აპარატურის მიერ შესაბამისი ხმის ბიულეტენების დათვლასა და შემაჯამებელი ოქმის წარმოდგენას. ელექტრონული საარჩევნო სისტემა შეეხება ამომრჩევლების მინიმუმ 70%-ს. ამასთანავე, იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ელექტრონული მთვლელი და მარეგისტრირებელი აპარატურა არ იქნება განთავსებული, იქ ხმის დათვლა ჩვეულებრივი წესით იწარმოებს, თუმცა თითოეული ბიულეტენი, იქნება ეს სწორად მიცემული ხმა, თუ ბათილი ბიულეტენი, დაექვემდებარება გაციფრულებას და შესაბამისად, ეს ციფრული ვერსიები უბნების მიხედვით აიტვირთება ცესკოს შესაბამის ვებპორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული ცვლილებები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ფაქტიურად 2024 წლიდან საარჩევნო სისტემა მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადადის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომენტარები