ხანძრის მეტ გავრცელებას არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება – დღეს საუბარია იმაზე, რომ გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ხანძარს და არა იმაზე, რომ ვიპოვოთ რაღაც არარსებული მიზეზები, – ამის შესახებ ვიცე – პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ბორჯომის ხანძარზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ხანძრით გამოწვეულ ზარალზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„დღეს ყველაზე აქტუალური ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის არის ხანძრები. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის.
ზარალზე ჯერ ნაადრევია ვისაუბროთ. ჩვენ მეტ გავრცელებას არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ ხანძარი დროულად მოექცეს კონტროლქვეშ და მოხდეს მისი ლოკალიზება და საბოლოოდ ჩაქრობა. მყისიერად იქნა რამდენიმე უწყების ძალების მობილიზება – საგანგებო სიტუაციების, სატყეო, რეინჯერები, თავდაცვის – ყველა ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა და ასევე, მეზობელი ქვეყნებიდან არის დახმარება. მეზობლებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა და მინდა მადლობა გადავუხადო.
რაც შეეხება იმას, რატომ ვერ ხერხდება და რა იყო მიზეზები – მიზეზს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, თუმცა აქ გასაკვირი ძალიან რთულია რამე იყოს, ეს არის მაღალი ტემპერატურები, ზაფხულის სეზონი. აგვისტოს ბოლო პერიოდია ყველაზე სარისკო პერიოდები. წინა ხანძრები, როდესაც გვქონდა ხანძრების სეზონი ქვეყანაში ეს იყო ამ პერიოდში.
გადავხედოთ მთელ ევროპას და მთელ კონტინენტს, იგივე და ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემებია. დაცული ტერიტორიების 10% ერთ თვეში დაკარგა პორტუგალიამ”, – განაცხადა დავითაშვილმა
კომენტარები