არჩილ თალაკვაძის განცხადება უცნაურია – თუ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირონ ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური პარტიების რაოდენობა, პირველ რიგში საკუთარი პარტიიდან უნდა დაიწყონ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ გულისხმობდა არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს, როცა ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ რადიკალური და არადემოკრატიული ოპოზიცია სხვა პარტიებმა უნდა ჩაანაცვლონ.
ბექა ლილუაშვილის თქმით, ამაში ახალი არაფერია, რადგან აღნიშნულმა დეპუტატებმა უკვე განაცხადეს, რომ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას განიხილავენ.
ლილუაშვილის თქმით, ამ “ოთხეულის” უკან “ქართული ოცნება” დგას და ისინი ქვეყნის მომავალს აზიანებენ.
“ამ „ოთეულის“ განცხადების უკან ვიცით, რომ დგას „ქართული ოცნება“, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ეს განცხადება, რომელიც შეთქმულების თეორიებს, გაუგონარ ჭორებს ეფუძნება, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ამ სახელმწიფოს. ეს პირდაპირ მიმართულია არა ელჩის, არამედ აშშ- ის და ევროკავშირის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ მკაფიოდ გამოჩნდა თავდასხმის მცდელობა პარტნიორ სახელმწიფოებზე. ეს გამოუწორებელ ზიანს აყენებს ამ ქვეყანას, მის მომავალს, ჩვენს შვილებს,”- განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისათვის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ისინი როგორც ხელისუფლება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ “გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც საზოგადოება აირჩევს შემდეგ არჩევნებში”.
კომენტარები