„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის პარლამენტისათვის არწარდგენით არაფერი იცვლება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში არჩევნების პრობლემები უკავშირდება არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, პოლიტიკურ კლიმატს, ძალადობასა და კრიმინალს.
„სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს არაფერს ცვლის. საერთოდ, ცესკოში არ არის საქმე, ჩვენთან არჩევნების პრობლემები არის სუს-ში, პოლიტიკურ კლიმატში, ძალადობაში, კრიმინალში და შავრაზმელებში. ცესკო-ს ფაქტორიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ცესკოშიც სისტემა ისე არის აგებული, რომ ეს თავმჯდომარე დარჩება, სანამ ახალს არ აირჩევენ. არავინ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ამით რამე მოხდა. პრეზიდენტ ზურაბიშვილს თუ უნდოდა რაღაც განაცხადი მაინც, ისეთი კომისია უნდა შეექმნა, რომ რომელიმე კანდიდატურას მაინც ჰქონოდა საზოგადოების ნაწილის ნდობა, აქ არავის აქვს და მისი შიდა ფრაქციული, ივანიშვილის რეჟიმის საპარლამენტო ჯგუფი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. ვიმეორებ, ამით არაფერი იცვლება. თუმცა, ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, ამ საკითხშიც კი ჩანს საპარლამენტო უმრავლესობის უტიფარი დამოკიდებულება ყველა პროცედურის მიმართ“,-განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მისმა კანდიდატურამ ორჯერ უკვე ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად. მისივე შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარედ ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მისი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.
კომენტარები