სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებად გადაიქცნენ გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი, ხაჭაპურიძე – გახსოვთ, თაკო ჩარკვიანს რომ 120 000 მომხრე ჰყავდა, რომელიც თითქოს მიშას დახვდებოდა. ბოლოს მიტინგი ჩაატარა და 30 კაცი დახვდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
დამენიას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ქმედებებით შექმნა მცდარი მოლოდინები, რის გამოც „ყველაფერი იმდენად უფასურდება“, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მათი არ სჯერა.
„ალბათ, გახსოვთ, თაკო ჩარკვიანს 120 000 მომხრე ჰყავდა, რომელიც თითქოს მიშას ჩამოსვლის შემდეგ მას დახვდებოდა. ბოლოს მიტინგი ჩაატარა და 30 კაცი დახვდა. თავებს არ ვითვლით, უბრალოდ ეს იყო იმის უბედურება, რომ ხალხში, მოსახლეობაში და თვითონ მიშასთვის გააჩინეს იმხელა მოლოდინები, თითქოს მას ვერ დაიჭერდა „ქართული ოცნება“ ან თუ დაიჭერდა, ციხიდან ვიღაც გამოიყვანდა. ყველაფერი აბსურდისკენ ამიტომაც წავიდა.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი დღეს არის ჩვეულებრივი პოლიტპატიმარი და ამის ნათელი დადასტურება იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება. მან [ღარიბაშვილმა] თქვა, რომ თუ ის [სააკაშვილი] პოლიტიკაში არ დარჩებოდა, მაშინ არ დავიჭერდითო. ეს უკვე ნიშნავს, რომ პოლიტიკური მდგენელი მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სამართლებრივი, ამიტომაც ის ჩვეულებრივ პოლიტპატიმარს წარმოადგენს. იმ ქვეყანაში, რომლის აშენებაც გვინდა და რისკენაც მივილტვით, პოლიტპატიმრები არ უნდა არსებობდნენ“ – განაცხადა დამენიამ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრად უფრო მარტივი და უხერხულია „განსაჯო პატიმრობაში მყოფი ადამიანის ქმედებები და განცხადებები როდესაც თავისუფლების პირობებში იმყოფები“.
„ეს [სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე] რომ ზოგს სჯერა და ზოგს არა, არის ასევე მისი თანაგუნდელების „დამსახურება“, რადგან მე-4 თუ მე-5 დღიდან დაიწყო, თითქოს „კვდება, 1 საათი დარჩა“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშასთან დაკავშირებით შექმნა მცდარი მოლოდინები. ეს ყველაფერი იმდენად უფასურდება, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანთა ის მიმართულება, რომელსაც მათი არ სჯერა. ასევე არის ადამიანთა ის მიმართულება, რომელსაც სააკაშვილი მესია ჰგონია და უპირობო ლიდერად თვლის – ეს კიდევ ერთი მცდარი ნაბიჯია. მე უპირობოდ შეიძლება მიყვარდეს მამაჩემი, მიყვარდეს ჩემი შვილი, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ ლიდერზე აცხადებ, რომ უპირობოდ გიყვარს, ეს იმდენად მცდარი ნაბიჯია, რომ ფაქტობრივად მორალური კატასტროფა შეიძლება უწოდო ამ ნაბიჯს. მე ვიღაცის გვერდით პოლიტიკურად იმიტომ ვარ, რომ ვიზიარებ მის შეხედულებებს ქვეყნის მოწყობასთან, ურთიერთობებთან, მომავალთან დაკავშირებით. არ შეიძლება ლიდერი იყოს უპირობო. ეს ჩვეულებრივი ფანატიზმია და რაციონალურობას სცილდება“, – აღნიშნა ლაშა დამენიამ.
კომენტარები