ცხვარიჭამიაში ტრაგედია დატრიალდა. როგორც ამბობენ, აგარაკზე ახალგაზრდები გუშინ, 18 წლის გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ამ წვეულებაზე იყო 20 წლის მირიან კუკავა. როგორც ჩანს, კონფლიქტი სუფრაზე გვიან ღამით დაიწყო და დამნაშავემ მირიან კუკავას დაზიანებები გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა. სამწუხაროდ, სიცოცხლით სავსე ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დატოვება დამნაშავემ შეძლო. ამ დრომდე გრძელდება ცხვარიჭამიაში საგამოძიებო მოქმედებები. მცხეთის პოლიციაში მთელი დღის მანძილზე იკითხებოდნენ სუფრაზე მყოფი ახალგაზრდები.
როგორც ამბობენ, დამნაშავის ვინაობა ძალოვნებისთვის უკვე ცნობილია.
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ახალგაზრდა, ეს დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ირკვევა, ტრაგედია გამთენიას, 04 საათზე ცხვარიჭამიაში, სწორედ იუბილარის, 18 წლის გოგონას აგარაკზე მოხდა. მას მეგობრები ჰყავდა დაპატიჟებული და სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა.
ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ ცხვარიჭამიაში. ბატონი ლევან ბეგლარიშვილი ამბობს, რომ მომხდარის დეტალები მისთვის უცნობია.
კომენტარები