ახლა, როდესაც საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპის ოჯახში გაწევრიანების საუკუნოვან იდეასთან, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი რიტორიკა გააძლიერა – იმ სტრატეგიული პარტნიორების, რომლებიც გვეხმარებიან, გავხდეთ ლიბერალური, დემოკრატიული ქვეყანა და დასავლური სამყაროს განუყოფელი ნაწილი, – აღნიშნულ განცხადებას „დროა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორებსა და დასავლურ ინსტიტუტებზე წარმოადგენს არა განცალკევებულ ინციდენტს, არამედ ევროპული მომავლის კოორდინირებულ საბოტაჟს.
„საქართველოში აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმათა სერიის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიდგნენ. მას შემდეგ, რაც 20 ივლისს ელჩმა ჰარცელმა საქართველოში ვადის დასრულების შესახებ გვამცნო, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.“ კობახიძის რიტორიკას „ქართული ოცნების“ წევრები მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ. მაგალითად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, „ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო.“
„ქართული ოცნების“ თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორებსა და დასავლურ ინსტიტუტებზე წარმოადგენს არა განცალკევებულ ინციდენტს, არამედ ევროპული მომავლის კოორდინირებულ საბოტაჟს. ისევე, როგორც ნიკა გვარამიას დაკავება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის მიზანია, საქართველომ დაკარგოს უკანასკნელი შესაძლებლობა, გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებითა და წლის ბოლომდე შესასრულებელი რეკომენდაციების მიცემით, ევროკავშირმა საქართველოს მისცა კიდევ ერთი შანსი კანდიდატის სტატუსის მისაღებად და შემდგომში ევროკავშირში სრულფასოვნად გასაწევრიანებლად.
ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების ფუნდამენტურად საწინააღმდეგო ქცევით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი ევროპული მომავალი ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. „ქართული ოცნების“ ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტის ნებას, რომლებიც მუდმივად და ურყევად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და რომელთაც 20 ივნისის მასშტაბური აქციით გამოხატეს, რომ არ მისცემენ უფლებას ერთ ოლიგარქს, ევროპული მომავლისთვის საუკუნოვანი მსხვერპლის საბოტაჟი გამოუვიდეს. თავის მხრივ, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმაც დაიწყეს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნა და ქართველ ხალხს აძლევენ პირობას, რომ იქნებიან საქართველოს ევროპული მომავლის ყველაზე დიდი მხარდამჭერები. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ევროპული გზა უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზეა დამოკიდებული. მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დასასრულით, ანუ, „დეოლიგარქიზაციით“ შევძლებთ, ავისრულოთ საუკუნოვანი მისწრაფება და გავხდეთ თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს ნაწილი“, – ნათქვამია, „დროას“ განცხადებაში.
კომენტარები