სამყარო მართლაც საოცრებებითაა სავსე. ზოგჯერ ისეთ უცნაურ ფაქტებს აღმოვაჩენთ, რომელთა დაჯერებაც კი გვიჭირს. რამდენად გამაოგნებლადაც არ უნდა ჟღერდეს, დედამიწაზე არსებობს ტაძარი, რომელიც მთლიანად მარილისგანაა აგებული და იგი კოლუმბიის მიწის ქვეშ მდებარეობს, უფრო ზუსტად კი, ზიპაკირაში, კუნდინამარკას დეპარტამენტში. ქალაქი აღიარებულია, როგორც ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი უძველესი ადამიანთა დასახლება.
კოლუმბიაში არსებული მარილის საბადოები დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა და ზღვის დონიდან ამაღლდა გვიანი მესამეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ანდების ფორმირება დაიწყო. რაც შეეხება თავად ტაძარს, მიწისქვეშა ეკლესიის აგებამდე წლებით ადრე, მაღაროელებმა გამოკვეთეს საკურთხეველი, როგორც ადგილი მათი ყოველდღიური ლოცვებისთვის. ისინი სამუშაოს დაწყებამდე წმინდანთა მფარველობას და შველას ითხოვდნენ.
1950 წელს დაიწყო უფრო დიდი პროექტის მშენებლობა: მარილის საკათედრო ტაძარი, რომელიც გაიხსნა 1954 წლის 15 აგვისტოს და მიეძღვნა მაღაროელთა მფარველ წმინდანს, ღვთისმშობელ მარიამს. იგი მოიცავდა სამ ნეფს და მონუმენტურ ჯვარს. იქ არსებული გალერეების ნაწილი, რეალურად, მოჩუქურთმებულია უძველესი ადგილობრივი ტომების მიერ. თუმცა, რადგან ეკლესია აქტიურ მაღაროში იყო გამოკვეთილი, სტრუქტურულმა პრობლემებმა და უსაფრთხოების ზომების არარსებობამ აიძულა ხელისუფლება დაეხურა ტაძარი, 1992 წლის სექტემბერში.
თავდაპირველი ეკლესიის მშენებლობის ღირებულება 285 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო. შენობას ჰქონდა ექვსი მთავარი სვეტი და შეეძლო 8000 ადამიანი დაეტია. მოგვიანებით სამრეწველო საინვესტიციო ინსტიტუტმა Salinas Concession-თან და კოლუმბიის არქიტექტორთა საზოგადოებასთან ერთად დაიწყო კონკურსი ახალი ტაძრის დიზაინისთვის, რომლის გამარჯვებული იყო Roswell Garavito Pearl-ის მიერ წარმოდგენილი პროექტი.
1991 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობას, რომელიც გაიხსნა 1995 წლის 16 დეკემბერს. მისი სხვადასხვა დერეფნები და საკურთხევლები გამოკვეთილ იქნა წინა სამთო ოპერაციების შედეგად დატოვებულ გამოქვაბულებში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დანამატებით.
დღეს შენობას აქვს 14 პატარა სამლოცველო. ასევე გუმბათი, რომელიც მდებარეობს მთავარი დაღმავალი შესასვლელის პანდუსის ბოლოს და აქედან დამთვალიერებელი ეშვება ბარელიეფის ჯვრის კამერებზე, აივანზე და ნართექსის ლაბირინთში. ასევე კოპლექსი სამი ნეფისაგან შედგება.
ტაძარი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. იგი კოლუმბიის არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშად ითვლება.
წყარო: Insider.com
კომენტარები