დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ სხვა ოფიციალური პირების გარეშე, შეხვედრები ჰქონდა რუს ოლიგარქთან, ალექსანდრ ლებედევთან, რომელიც წარსულში უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში(КГБ) მუშაობდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 6 ივლისს, პარლამენტში გამოსვლისას ჯონსონს ჰკითხეს, შეხვდა თუ არა ლებედევს იტალიაში, 2018 წელს, როცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ბორის ჯონსონმა ეს ფაქტი დაადასტურა. მისივე თქმით, ლებედევს, რომელიც ბრიტანული გამოცემის, Evening Standard-ის მფლობელი იყო, ლონდონის მერად მუშაობის პერიოდშიც შეხვდა.
როგორც BBC წერს, სწორედ ჯონსონმა შეუწყო ხელი ლებედევის ვაჟის, ევგენის ლორდთა პალატის წევრობას, მისთვის პერის ტიტულის მინიჭებით. გამოცემა Sunday Times-ი წერდა, რომ 2020 წელს, ბიზნესმენ ევგენი ლებედევს პერის ტიტული მისცეს, მიუხედავად სპეცსამსახურების გაფრთხილებისა, რომ ის შესაძლოა, საშიში იყოს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. გამოცემის თანახმად, სპეცსამსახურების უარყოფითი რეკომენდაცია ჯონსონის ჩარევის შედეგად გაიწვიეს. თავად ევგენი ლებედევი ყოველთვის უარყოფდა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს. ევგენი ლებედევი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა 2010 წლიდან.
კომენტარები