გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე” ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ, 10 ივნისის განცხადებას, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მთავრობისგან საერთაშორისო ვიზიტების შეზღუდვაზე კიდევ ერთხელ საუბრობდა. კრამონი ამას “ცუდ ხუმრობას” უწოდებს.
“როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობაა”, – დაწერა ევროპარლამენტარმა.
გუშინ, 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მეორედ თქვა, რომ მას საქართველოს მთავრობამ უფლება არ მისცა გაემართა საერთაშორისო ვიზიტები. ამის შესახებ მან ბრიუსელიდან ისაუბრა, საიდანაც, როგორც მან თქვა, გეგმავდა სხვა ევროპულ ქვეყნებში გამგზავრებას, რათა ხელი შეეწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.
“მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და კიდევაც უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, რადგან არ იქნებოდა ეს დაჩქარების პროცესი. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.
მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, – ამბობდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს უარს ეუბნება საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვაზე. პირველად ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და თქვა, რომ არ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუწია.
კომენტარები