როგორი იქნება ევროკავშირის ვერდიქტი საქართველოს მიმართ – გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რა პროგნოზები კეთდება თბილისში და რა მოლოდინები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს, ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი, თუმცა ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ევროკავშირის პასუხი, დაახლოებით, 23-24 ივნისისთვის უნდა გახდეს ცნობილი. მანამდე კი, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებაზე ევროპულმა საბჭომ უნდა იმსჯელოს.
პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ფორმალურად რომც არ იყვნენ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მზად, ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.
“დღეს, ფორმალური თვალსაზრისით, თუნდაც რომ არ იყვნენ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მზად, ჩვენ ყველას გვესმის რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკრაინის მიმართ, უნდა იქნას მიღებული საქართველოს მიმართაც – ეს არის ჩემი პოზიცია. თუმცა, თავისთავად ამ ქვეყანაში არის გასატარებელი უამრავი რეფორმა, რომელიც უნდა გახდეს საბოლოოდ წინაპირობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების,” – განაცხადა იოსელიანმა.
პარტია “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ მიუღებელია “ქართული ოცნება”, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, რადგან ეს ქართველი ხალხის მიუღებელია.
“მიუხედავად იმისა, “ოცნება” მისაღებია თუ მიუღებელია, რა თქმა უნდა პერსპექტივა არსებობს და ამ პერსპექტივას ქმნიდნენ და ქმნიან საქართველოს მოქალაქეები, რა თქმა უნდა ჩვენი მოწოდება იყო და იქნება შემდეგშიც, რომ ევროკავშირმა უნდა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ეს არ არის არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მონაპოვარი, ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ კუთხით გვქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერა,” – აცხადებს დაუშვილი.
კომენტარები