ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე გლობალური გამოწვევების ფონზე, როგორიცაა პანდემია, ომი, ნეგატიური ინფორმაცია მედიასივრცეში, ძალიან რთულია გავუმკლავდეთ დაძაბულობას.
დეპრესიას 21 საუკუნის დაავადებას უწოდებენ და მასთან ბრძოლა მილიონობით ადამიანს უწევს. ძლიერი შფოთვითი აშლილობა და პანიკური შეტევები, რა თქმა უნდა, საჭიროებს სპეციალისტის ჩარევას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენი განწყობა და დამოკიდებულებაა.
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგია, რითაც შეგვიძლია სტრესთან გამკლავება და შფოთვის თავიდან აცილება ან შემცირება.
- ეცადეთ ნაკლებად იფიქროთ პრობლემაზე, რომელსაც ძალიან მწვავედ აღიქვამთ. ნაცვლად ამისა ივარჯიშეთ, მოუსმინეთ მუსიკას, შეგიძლიათ გაეცნოთ რელაქსაციის მეთოდებს ინტერნეტის საშუალებით.
- ეცადეთ იკვებოთ დაბალანსებულად. მიიღეთ ჯანსაღი საკვები, რაც ენერგიის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
- მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინს, რადგან თუ თქვენ ემოციურად დაძაბული ხართ, ეს ნივთიერებები შეიძლება გახდეს შფოთვის მიზეზი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს პანიკურ შეტევებს.
- სტრესის დროს თქვენს სხეულს სჭირდება დასვენება, ამიტომ ეცადეთ კარგად გამოიძინოთ.
- პანიკური შეტევის დროს მიმართეთ სუნთქვით ვარჯიშებს. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, დაითვალეთ 10-მდე ან კონცენტრირდით თქვენს ირგვლივ არსებულ რაიმე საგანზე, რაც ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ და თქვენს მოჩვენებით ტკივილსა თუ წუხილს აიძულებს დაგაბრუნოთ რეალურ სამყაროში.
- მაქსიმალურად გაექეცით პედანტიზმს, ნუ ეცდებით ყველა დეტალი იდეალურ მწყობრში იყოს. იამაყეთ საკუთარი თავით და იყავით მადლიერი იმისთვის, რაც გაქვთ.
- ნუ ეცდებით ისეთი მოვლენების კონტროლს, რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად, ნუ გაიფუჭებთ განწყობას ცუდი ამინდის გამო.
- რამდენად რთულადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ეცადეთ იფიქროთ ისეთ დადებით მოვლენებზე, რომლებიც სიამოვნებასა და შვებას მოგგვრით.
- მოერიდეთ სოციალურ ქსელებს და გადაინაცვლეთ რეალურ სამყაროში. დაიტვირთეთ საზოგადოებრივი აქტივობებით.
- ეცადეთ იპოვოთ თქვენი შფოთვის გამომწვევი მიზეზები. ჩამოწერეთ ისინი ფურცელზე და დაფიქრდით მათზე, ეს შეიძლება გათავისუფლებაში დაგეხმაროთ.
- აუცილებლად ესაუბრეთ ვინმეს იმაზე, რაც გაწუხებთ. ვინც არ უნდა იყოს ოჯახის წევრი, მეგობარი, სრულიად უცხო ადამიანი ან თერაპევტი. სპეციალისტის ჩარევაც სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, თუ გსურთ პროფესიონალური დახმარების მიღება.
გახსოვდეთ, რომ სულიერი სიმშვიდე და მენტალური ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ თავს.
კომენტარები