„მე უკან არ ვიხედები“,- ეს სიტყვები ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულ მსახიობს, გრეის კელის, ეკუთვნის. ჰიჩკოკის მუზა და მონაკოს რიგით მე-10 პრინცესა, რომელიც გლამურული ცხოვრების სტილით, არისტოკრატული მანერებით და ხმაურიანი რომანებით მუდამ ყურადღების ცენტრში ექცეოდა.
გარდატეხის ასაკში გრეისს მიმზიდველად არ მიიჩნევდნენ. როდესაც სამოდელო საქმიანობა დაიწყო და ვერცხლისფერ ეკრანზე პირველად გამოჩნდა, ყველას აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან იქამდე მუდამ სათვალეს, სვიტერესა და ბენდენას ატარებდა.
გრეისს ჰოლივუდში ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა, 1950-იანი წლების საუკეთესო ფილმებში თამაშობდა. „დაიჭირე ქურდი’, „ეზოში გამავალი ფანჯარა“, „სოფლელი გოგონა“, „მაღალი საზოგადოება“, ეს მისი როლების არასრული ჩამონათვალია. მიუხედავად იმისა, რომ კელი არ იყო ძლიერი მსახიობი, ეკრანზე ყოველთვის მომაჯადოვებლად გამოიყურებოდა, განსაკუთრებული დახვეწილობის და მანერების წყალობით. 2001 წელს ჟურნალმა „ვოგი“ გრეის კელი ყველა დროის 100 ყველაზე ელეგანტური ქალის სიაში პირველ ადგილას მოიხსენია.
კელის ჰოლივუდში დიდი კარიერა ელოდა, მას ნებისმიერი მამაკაცის გულის დაპყრობა შეეძლო, თუმცა არჩევანი მონაკოს პრინც რენიეზე შეაჩერა. ამას კი წინ არაერთი წარუმატებელი და გახმაურებული რომანი უძღოდა, მათ შორის ურთიერთობა კლარკ გეიბლთან.
პრინცი რენიე 1955 წელს ოფიციალური ვიზიტით ნიუ-იორკში ჩავიდა, თუმცა მისი მთავარი მიზანი საცოლის მოძებნა იყო, ვინაიდან საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თუ მონაკოს არ ეყოლებოდა მემკვიდრე, იგი საფრანგეთის სახელმწიფოს შეუერთდებოდა.
რენიესთვის იდეალური ქალი გრეის კელი აღმოჩნდა, იგი მისით მოიხიბლა. მსახიობი თავის მხრივ ურთიერთობაში იყო დიზაინერ ოლეგ კასინისთან, რომელთანაც ნიშნობა ჩაშალა და მონაკოს პრინცს ცოლობაზე დასთანხმდა. წყვილს ერთმანეთი მოსწონდა, თუმცა ამ ქორწინებას უფრო პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.
1956 წელს გაიმართა საუკუნის ქორწილი, რომელსაც ტელევიზიით 30 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ჰელენ როუზის მიერ შექმნილი ლეგენდარული საქორწინო კაბა დღემდე შთაგონების წყაროა მოდის მიმდევრებისთვის. ქორწინების შემდეგ გრეისი სამსახიობო კარიერას ოფიციალურად დაემშვიდობა. სამეფო ოჯახმა მისი ფილმების მონაკოში ჩვენებაც კი აკრძალა.
გრეის კელი 1982 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. „დაბადებიდან დედოფალი“, – ასე უწოდა მას ფრენკ სინატრამ. მონაკოში არსებობს ვარდების ბაღები, რომელიც პრინცესა გრეისის ხსოვნას ეძღვნება.
კომენტარები