მიხეილ სააკაშვილის “”ვივამედში“” გადაყვანის საკითხს ეხმიანებიან მმართველ გუნდში. უმრავლესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ იუსტიციის სამინისტრომ იმედი გაუცრუა ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, ვინც ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებისათვის სააკაშვილის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი არ იყო.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობა საქართველოშიც შესაძლებელია და მისი უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნა, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს შეურაცხყოფაა.
“სასჯელაღსრულების სისტემამ, ჯანდაცვის სისტემამ, იუსტიციის სამინისტრომ ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ რადიკალურ ოპოზიციას თუ მედიასაშუალებებს, ვინც ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემას არ აინტერესებდა ზოგადად პატიმრების და განსაკუთრებით პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რაც შეეხება იმ აბსურდულ განცხადებას, რომ საქართველოში არ შეიძლება მისი მკურნალობა, ჯერ ერთი რომ ეს არის მთელი ჯანდაცვის სისტემის და მთელი ექიმთა საზოგადოების პირდაპირი შეურაცხყოფა, ასევე ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ სააკაშვილი, ჯანმრთელობის პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ დაზიანებით საქართველოს წინააღდმეგ შეთქმულების ნაწილია.
“ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მიხეილ სააკაშვილი რაღაც ბერკეტად თუ გარკვეულ ფაქტორად აქციეს, პოლიტიკოსთა თუ არაპოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა. მისი ახლობლები, რა საკვირველია, უნდა მოითხოვდნენ ექიმებისაგან და სააკაშვილისაგან პირადად, რომ მან ჯანმრთელობა არ დაიზიანოს ვიღაცის პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ – ეს არ ხდება, შესაბამისად შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ სახეზეა და სააკაშვილი ამაში მონაწილეობს”, – აცხადებს ვოლსკი.
კომენტარები