„მოქალაქეების“ წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა ახლა არ არსებობს და ამაზე საუბარი აზრს მოკლებულია.
ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.
„ახლა რომ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არის, მგონი, ყველა ვხედავთ. არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ზოგადად, მგონი, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ახლა აზრს მოკლებულია. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ რაღაცის შეპირება, მერე იმედგაცრუება, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი ძალიან დაბალ ნდობას იწვევს. ვადამდელი არჩევნების მომხრე ისედაც არ ვარ, მაგრამ, ზოგადად არ ვარ მომხრე ოპოზიციამ ისეთი დაპირებები გასცეს, რომელსაც ვერ შეასრულებს, იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე, ჩემი აზრით, არ იქნება“, – განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. მისი თქმით, “აქციის ნაცვლად, უნდა მოემზადონ დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის, სადაც ზეიმით გააცილებენ “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან”.
კომენტარები