უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია. 2022 წლის 7 აპრილს, საერთაშორისო ლიტერატურასთან დაკავშირებით ორგანიზებულ კონფერენციაზე, მსოფლიო პატრიარქი თავის მისასალმებელ სიტყვაში ომსაც შეეხო.
„არანაირი პრობლემა ომით არ გადაიჭრება. ომი პრობლემებს არ წყვეტს, ამას ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, ომი ახალ პრობლემებს გვმატებს. მხარეები, დიალოგის გზა რომ აერჩიათ, აუცილებლად იპოვიდნენ გამოსავალს. რუსები ბოროტად, უბოროტესად, შეიჭრნენ უკრაინაში. მათ შეიძლება ჰქონოდათ შიშები მომავალთან დაკავშირებით, ნატოსთან მიმართებაში, მაგრამ უკრაინის მხრიდან არ ყოფილა რაიმე კონკრეტული მუქარა ან ინტერვენცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აიძულებდა, იარაღი აეღო და თავს დასხმოდა მშვიდობიან მოსახლეობას, უდანაშაულო ხალხს, გაენადგურებინა სკოლები, საავადმყოფოები, თეატრები, ეკლესიები. მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე, 2018 წელს, რომლითაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის სტატუსი მიენიჭა, მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ ავტოკეფალიის მიღება უკრაინელების უფლება იყო, ხოლო ავტოკეფალიის გადაცემა – მსოფლიო საპატრიარქოს უფლება, როგორც ეს აქამდე გააკეთა, როცა ეს სტატუსი გადასცა სხვა ადგილობრივ ეკლესიებს და მათ შორის რუსეთისაც. ახლა ზოგი ირწმუნება, რომ ამ ავტოკეფალიის გამო დაიწყო ეს ომი. ნუთუ ეს ლოგიკურია?! მიზეზებს ეძებენ გაუმართლებლის გასამართლებლად. ძალიან ვწუხვართ რუსეთის უნეტარესი პატრიარქი კირილის დამოკიდებულების გამო. იგი ასე ძალიან არ უნდა გაიგივებულიყო პრეზიდენტ პუტინთან და მითუმეტეს არ უნდა ეწოდებინა „წმინდა ომი“ იმ ომისთვის, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მართავს.“
კომენტარები