რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიას განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინთან გაზაფხულზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. „გადაიდო, ამ ვითარებაში არაა მიზანშეწონილი ამ შეხვედრის გამართვა”, – ზურაბ აბაშიძის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ზურაბ აბაშიძემ ილაპარაკა კარასინთან ბოლო კომუნიკაციის შესახებ.
„ბოლო შეხვედრა გვქონდა ნოემბერში. კომუნიკაცია მქონდა ერთი, სამი კვირის წინ, ტექნიკური საკითხი იყო, მგონი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პრობლემა იყო შექმნილი ლარსზე, ერთი თვის წინ იყო ეს. ძალიან დიდი სირთულეები იყო მანქანების გატარებასთან დაკავშირებით იქიდან და აქედან, ტვირთი რაც მიდის ლარსზე, ეს ომამდე იყო. ლარსზე ეს შეფერხება იყო თუ არ ვცდები, თებერვლის პირველ ნახევარში, ხშირად არის ხოლმე დიდი რიგები კლიმატური პირობების გამო. ძალიან დიდი რიგები იყო თოვლის გამო. სამი კვირის წინ პირობითად ვთქვი, ომამდე იყო ამაზე საუბარი”, – თქვა აბაშიძემ.
პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელს ასევე ჰკითხეს საქართველოს შესახებ გრიგორი კარასინის განცხადების შესახებ. კარასინმა 24 მარტს თქვა, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება” და ნათელ მომავალზე ისაუბრა. „მოგცემთ კარასინის ტელეფონს და დაურეკეთ ჰკითხეთ, რა ჰქონდა მხედველობაში”, – მიმართა ჟურნალისტებს აბაშიძემ.
აბაშიძე-კარასინის არაფორმალური შეხვედრების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და მას შემდეგ წელიწადში რამდენჯერმე პრაღაში იმართება.
კომენტარები