1 აპრილიდან რუსეთის ფედერაციის მასშტაბით BARS-2021 პროგრამის (ქვეყნის საბრძოლო არმიის რეზერვის) ფარგლებში მობილიზაცია დაიწყება. მასობრივი მობილიზაციის ღონისძიებების დასამალად ის სამხედრო სამსახურში დაგეგმილ გაწვევასთან ერთად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვოს მთავარი სამმართველო ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ეს რეზერვისტები გაიგზავნება უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების ნაწილების შესავსებად.
ამავდროულად, BARS პროგრამის დახმარებით მალავენ რუსი პატიმრების მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. კერძოდ, კოლონიაში „ჩერნოკოზოვოში“ (ჩეჩნეთის რესპუბლიკა) დაკავებული 100-მდე დამნაშავე უკვე ემზადება უკრაინაში გასაგზავნად. ყველა მათგანი ნასამართლევი იყო მძიმე სისხლის სამართლის მუხლით (ყაჩაღობა, მკვლელობა, ნარკოტიკების გავრცელება). მსჯავდადებულებს, რომლებმაც სასჯელი პოლიტიკური მუხლებით (ექსტრემიზმი, ტერორიზმი) მიიღეს, ასეთ შეთანხმებას არ სთავაზობენ.
ვინც დათანხმდა საომარ მოქმედებებში მონაწილეობას, მათ, იმ შემთხვევაში თუ ცოცხლები დაბრუნდებიან, სრულ ამნისტიას დაჰპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ასეთ პირებს არ ეძლევათ საშუალება, ნახონ ახლობლები და საერთოდ აცნობონ მათ უკრაინის ომში მონაწილეობის შესახებ.
“BARS” არის პროგრამა რუსული არმიის რეზერვების სასწრაფო ფორმირებისთვის. ისინი, ვინც აფორმებენ კონტრაქტებს პროგრამის ფარგლებში, იღებენ მუდმივ ფინანსურ მხარდაჭერას (თუნდაც რეზერვში ყოფნისას) სამუშაო ადგილისა და საშუალო შემოსავლის შენარჩუნებისას. წლის განმავლობაში რეზერვისტები შეიძლება გამოიძახონ შეკრებაზე (1 თვემდე), სადაც შეიძლება ჩაერთონ წვრთნაში და სხვა დავალებებში. ხელშეკრულებით ყოველთვიური ანაზღაურება სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის 12%-ს აღწევს (წოდებისა და თანამდებობის მიხედვით). BARS-ის ფარგლებში კონტრაქტებზე გაფორმებული პირთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 100 000-ა.
კომენტარები