24 მარტს მოსკოვში, „გორჩაკოვის ფონდისა“ და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი დაესწრო, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე იმყოფებოდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„გორჩაკოვის ფონდის“ ინფორმაციით, შეხვედრას დაახლოებით 40 ექსპერტი, პოლიტიკის მეცნიერები და მკვლევრები საქართველოდან და რუსეთიდან, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ კარასინი „პოლიტიკის ქართველ მეცნიერებს შეხვდა“. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ექსპერტები საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მსოფლიო ეკონომიკაში, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები“. გრიგორი კარასინის შეფასებით, საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით „დაბალანსებული“ იყო. კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება“. ცნობიათვის, დიმიტრი ლორთქიფანიძე „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორია. TI-ის ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა“ და „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა“ დააფუძნა. მათივე ცნობით, გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.
კომენტარები