როდესაც პრეზიდენტს არ უშვებენ ვიზიტზე, ღიად რუსული პოზიციაა – იმისთვის, რომ პრეზიდენტი უკრაინას უჭერს მხარს და საქართველოს ინტერესებზე ფიქრობს, ამისთვის სჯიან, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პოლონეთის საზღვრიდან ჩართვისას განაცხადა და ამით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად აკეთებს საქმეს და ცდილობს უკრაინას დაეხმაროს.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ლუსტრაცია იყო, რომ მათი ინტერესი აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენი ეროვნული ინტერესისგან, უკრაინის მხარდაჭერისგან. ისინი არ არიან დასავლეთის მხარეს, ისინი არიან ისტორიის არასწორ მხარეს, როდესაც შენს პრეზიდენტს არ უშვებენ ვიზიტზე ასე სიტუაციაში, პირდაპირ ღიად, რუსული პოზიციაა.
ზოგადად, პრეზიდენტის სულისკვეთება, რომ ერთიანობის დრო არის, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება არ გაიზიარო? უბრალოდ უნდა გვესმოდეს, ერთიანობა რაში და რის გარშემო გამოიხატება. ერთიანობა უნდა იყოს არა მექანიკური, არამედ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ბოროტმოქმედების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი კეკლუცობა იქნება ჩემი მხრიდან, რომ ვთქვა, „ქართულ ოცნებაში“ ამ ერთიანობის რესურსი არსებობს. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს და რუსულ ხაზს ატარებს. პოლიტიკური ამოცანა არის კონსოლიდაცია და ერთიანობა იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ერთიანობა იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას, რასაც პრეზიდენტი დამოუკიდებლად აკეთებს და ძალიან კარგია მისი ვიზიტები. იმისთვის, რომ პრეზიდენტი მიდის, უკრაინას უჭერს მხარს და საქართველოს ინტერესებზე ფიქრობს, ამისთვის სჯიან“, – განაცხადა ხოშტარიამ.
როგორც მან აღნიშნა, დღეს უკრაინა-რუსეთის ომი, მხოლოდ უკრაინელების ომი არ არის.
ხოშტარიას თქმით, უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ მისი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„დღეს უკრაინა იბრძვის მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. ის ბრძოლა, რომელიც უკრაინელ ხალხზე გადადის, არის ფარი, პირველ რიგში, მოსაზღვრე ქვეყნებისთვის, – საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და მთლიანად ევროპისთვის. ეს არ არის მხოლოდ უკრაინელების ომი და ეს კარგად იგრძნობა პოლონეთში, იმ უდიდესი ჰუმანიტარული, სამხედრო და პოლიტიკური დახმარებით, რასაც უკრაინა იღებს.
საბოლოოდ პუტინი განწირულია ამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. სანამ პუტინი დამარცხდება, პოლონეთშიც განიხილება, მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა საომარი მოქმედებების გაფართოება მოხდეს და პოლონეთის უსაფრთხოებაც არის სერიოზული განხილვის საგანი, რომ ეს განსაკუთრებით შეიძლება მოხდეს მოსაზღვრე ქვეყნებში“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
კომენტარები