გაერთიანებული სამეფო განიხილავს უკრაინელი ლტოლვილების განთავსებას რუსი ოლიგარქების საკუთრებაში, რომლებიც სანქცირებულები არიან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. ამის შესახებ BBC წერს.
BBC-ის კითხვაზე, შეიძლება თუ არა სანქცირებული რუსი ოლიგარქების სახლების გამოყენება უკრაინელი ლტოლვილების დასაბინავებლად, ბრიტანეთის საბინაო მინისტრმა მაიკლ გოვმა თქვა, რომ მან უნდა შეისწავლოს ამის შესაძლებლობა.
„მე მსურს გამოვიკვლიო ვარიანტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ სანქცირებული პირების სახლები და ქონება მანამ, სანამ ისინი სანქცირებულები არიან“, – განაცხადა გოვმა.
მან აღნიშნა, რომ ასეთი გეგმის განსახორციელებლად „მაღალი იურიდიული ბარიერი“ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო თუ ეს შესაძლებელი იქნება, ბრიტანეთი მიიღებს შესაბამის ზომებს.
„საკმაოდ მაღალი ლეგალური ზღუდეა გადასალახი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მუდმივ კონფისკაციაზე, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ სანქცირებული ხართ, თქვენ მხარს უჭერთ პუტინს, ეს სახლი აქ არის, თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ან ისარგებლოთ და თუ შეგვიძლია, გამოვიყენოთ სხვების დასახმარებლად, მოდით გავაკეთოთ ეს“, – დასძინა მან.
დიდმა ბრიტანეთმა რამდენიმე რუს ოლიგარქი სანქციების მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. სანქციებმა გაყინა აქტივები და დააწესა მოგზაურობის აკრძალვა.
ჯარიმების სამიზნეები არიან ჩელსის საფეხბურთო კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი, წამყვანი ინდუსტრიალისტი ოლეგ დერიპასკა, რუსული ენერგეტიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული სხვა პირები.
მანამდე, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბრიტანელები, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებენ, მთავრობა მათ გადაუხდის 350 ფუნტს, რაც დაახლოებით 456 აშშ დოლარია.
კომენტარები