რუსმა მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა 2022 წლის იანვრის შუა რიცხვებში დატოვა ქვეყანა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო. რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ტელეპროექტის, Current Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შენდეროვიჩი ლაპარაკობს უკრაინაში მიმდინარე ომზე, პუტინზე, რუსეთის ხელისუფლებაზე და იმაზე, თუ რატომაა, მისი აზრით, დიქტატორის სიკვდილი დღესასწაული.
პუტინი და ომი
პუტინმა ომი წააგო. პუტინმა ომი უკვე წააგო. რუსეთმა ომი წააგო, რუსეთმა წააგო ყველაფერი, რუსეთმა წააგო მომავალი…
კაცმა რომ თქვას, რუსეთი არ არსებობს, არ არსებობს რუსეთის სახელმწიფო. ის, რასაც ვხედავთ, არის აგონიაში ჩავარდნილი დრაკონი, რომელიც ტორებსა და კუდს სცემს ყველაფერს. ამ აგონიაში მყოფ დრაკონს ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამხელა იქნება ეს ზიანი: კიდევ რამდენი სიცოცხლეა საჭირო, რამდენი სიცოცხლე, რა ზარალად დაუჯდებათ ყველაფერი ეს უკრაინის ქალაქებს. მაგრამ პუტინმა, რა თქმა უნდა, ომი წააგო. დიდი სტრატეგობა არაა ამისთვის საჭირო. მას ოსური ვარიანტის იმედი ჰქონდა: სწრაფად დაერტყა და მერე ეთქვა, რომ ასეც იყო. მსოფლიო კი მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა: „ახლა რაღა ვიღონოთ, ახლა საქმე ასეა“.
ახალგაზრდა და ჯერ კიდევ ნიჭიერ ნიკიტა მიხალკოვს ფილმების გადაღებისას ასეთი ანდაზა ჰქონდა: „როგორც გამოვიდა, ისე გვინდოდა“. ეს ძალიან მომხიბვლელია, როცა საქმე ეხება კინოს და ძალიან ნიჭიერ კინოს, როცა შესაძლოა მართლა გამოდის არა ის, რაც ჩაიფიქრე, არამედ ზოგჯერ გამოდის უკეთესად, ვინაიდან ნიჭიერი ხარ. როგორც გამოვიდა, ისე გვინდოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ იხტიბარს არ იტეხენ.
ცხადია, რუსეთი არასოდეს დაიკავებს უკრაინის ქალაქებს, მას შეუძლია ისინი მტვრად აქციოს, ეს კი. არ ვიცი, რამდენი რაკეტა „კალიბრი“ დარჩათ, მტვრად ქცევა შეიძლება, რაღაც რაოდენობის ხალხის მოკვლა ჯერ კიდევ შეიძლება, სისხლის დაღვრა შეიძლება, მაგრამ მიწაზე არა, არ შევლენ, კიევს არ დაიკავებენ. და რომც დაიკავონ, რას გააკეთებენ იქ? მათ ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ. ამიტომ ახლა, ამ ვითარებაში, როცა სავსებით გასაგები გახდა, კი, ისინი რიტორიკას ცვლიან, ვნახოთ, რას გააკეთებენ. ოღონდ სასურველია, რომ დასავლეთი კვლავ არ ჩავარდეს მარაზმში და პუტინთან როგორც პარტნიორთან არ დაიწყოს ლაპარაკი. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველას, და პირველ რიგში უკრაინას, ძალიან ძვირად გვიჯდება ეს კოლექტიური ჩემბერლენი ათწლეულების განმავლობაში.
კომენტარები