რუსეთ-უკრაინის სამამულო ომის პარალელურად, რუსეთის ჰიბრიდული ომი მძვინვარებს. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კრემლის იმპერიალისტური ზრახვების სისრულეში მოყვანის წინააღმდეგ გაერთიანდა და ცდილობს პუტინის სისხლიანი რეჟიმი შეაჩეროს, როდესაც უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ოკუპაციით გამოწვეული სისხლით ირწყვება უკრაინის მიწა, კრემლის მიერ კონტროლირებული რუსული მედიასაშუალებები ღიად უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ისინი აგრძელებენ რუსული პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელებას საქართველოში, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებითაც. ყველაზე უფრო სამწუხარო ისაა, რომ რუსეთს თავისი რუპორი მედიასაშუალებები ჰყავს საქართველოში, რომლებიც ამ უდიდესი გეოპოლიტიკური კრიზისისას უპრობლემოდ აგრძელებენ ფუნქციონირებას და საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის “მოწამვლას”.
მაგალითისათვის გამოდგება “ალტ-ინფო“ და მისი მიმდევრები, რომლებიც რუსული პროპაგანდის პირდაპირ გაგრძელებას წარმოადგენენ ჩვენს სამშობლოში და რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ისე ასაღებენ, როგორც უკრაინის, კონკრეტულად, პრეზიდენტ ზელენსკის შეცდომების შედეგს, რითაც სიტყვა-სიტყვით იმეორებს პუტინის განცხადებებს.
არახალია, რომ “ალტ-ინფო”, ზოგადად, პრორუსული განწყობებით და სიძულვილის ენის გამოყენებით დაკავებული მედიაპლატფორმაა. მისი დამფუძნებლები 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული, სადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 2021 წლის ნოემბერში “ალტ-ინფოს” დამფუძნებლებმა ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტია – “კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნეს, რომელმაც ამ დრომდე მთელი საქართველოს მასშტაბით ათობით ოფისი გახსნა.
ისიც ფაქტია, რომ რეგიონებში მათ გამოჩენას არაერთგან მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება. მაგალითად, შუახევის მუნიციპალიტეტში იმ შენობის მესაკუთრის თქმით, სადაც “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი იყო, მან “ოკუპანტის მსახურებს” შენობა დააცლევინა; ასევე რამდენიმე დღის წინ, თიანეთში ამ მოძრაობის ოფისი უკრაინის დროშებით მოხატეს; 5 მარტს კი ახალციხეში “კონსერვატიული მოძრაობისადმი” უკმაყოფილება კედელზე წარწერებით გამოხატეს.
ვრცლად მასალა იხილეთ აქ
კომენტარები