საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში, ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში განვახორციელოთ ის რეფორმები ევროკავშირთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდება, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრას.
მისი თქმით, რეზოლუციაში, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მათ მოახდინეს, სწორედ ეს არის ნათქვამი, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში.
„პარლამენტში მოვახდინეთ რეზოლუციის ინიცირება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებას ეხება, გუშინ ჩატარდა ვერსალის სასახლეში შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ესწრებოდნენ და ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ევროპული საბჭო მხარს უჭერს გაწევრიანების მოთხოვნაში, გადაეცა ეს განაცხადები ევროკომისიას და ეთხოვა, რომ წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, სამივე სახელმწიფომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ინფორმაციისთვის, ვერსალში გუშინ, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პირველი დღის შემდეგ საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ კომისიას მოუწოდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადთან დაკავშირებით.
კომენტარები