პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ, მათი ხმის გაგონებაზე ხალხი იშლება, ამიტომ ვინც მიკროფონს ეტანება, უნდა ჩამოვაშოროთ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები ხალხს ხელისუფლების შეცვლას სთავაზობენ, მაგრამ მოსახლეობა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მოხდეს ეს და რა იქნება შემდეგ, რადგან პოლიტიკურ სპექტრს ჯერ საკმარისი რეპუტაცია არ აქვს საზოგადოებაში.
„არსებობენ პროფესიონალი მომიტინგეები, როგორც პოლიტიკაში, ასევე აქტივისტებში, რომელთაც ხელიდან მიკროფონს ვერ წაართმევ, მათი ხმის გაგონებისთანავე კი, ხალხი ნელ-ნელა იშლება. ამას ვხედავთ და არ ვიმჩნევთ, რომ ასე ხდება. ვინც ასეთ დროს იქ დგას და მიკროფონს ეტანება, მიკროფონს უნდა ჩამოვაშოროთ, თუ გვინდა, ეს პროცესი წარმატებული იქნება. ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს, მათ ვაცადოთ, რა უნდათ. დიდი ხანია, ჩამოყალიბებული არიან პოლიტიკოსები, რომ “ქოცები” არ მოსწონთ და უნდა გადააგდონ. ქართველი ხალხი კი ჩამოყალიბებული არ არის ფორმზე, გზაზე და იმაზე, რა იქნება “ქართული ოცნების” შემდეგ. ამ კითხვებზე მათ არავინ პასუხობს, ადამიანებს მიტინგიდან ეუბნებიან – მოდით, დავამხოთ “ქართული ოცნება” და პროევროპული ხალხი მოგვიყვანეთო, ეს ასე არ ხდება. პოლიტიკურ სპექტრს ჯერ საკმარისი რეპუტაცია არ აქვს,”- განაცხადა ხვიჩიამ.
კომენტარები