“ახლა ᲔᲠᲗ არასასიამოვნო რამეს გეტყვით. ძალიან მოგვწონს უკრაინის თავგანწირვა, ძალიან. მჯერა რომ გულწრფელები ვართ, მართლა მოგვწონს უკრაინელების თავგანწირვა, ზელენსკი რომ კაცია და ა.შ. მაგრამ ეს მოგვწონს რადგან ყველაფერი უკრაინაში ხდება.
ერთ რამეს გაგახსენებთ. ხუთდღიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, ქართულმა ჯარმა ცალმხრივად შეწყვიტა ცეცხლი, რადგან რუსეთი დაგვემუქრა, რომ პირდაპირ ქალაქების დაბომბვას დაიწყებდა. ეს გადაწყვეტილება მიიღო მიშამ, არ წავიდა ბოლომდე ბრძოლაზე და საკუთარი ხალხის გაწყვეტაზე.
ამ ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ, მხარი დავუჭირეთ უთავმოყვარეო, კოლაბორაციონისტ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მიშას მთავარ დანაშაულად მიიჩნევდა იმას, რომ საერთოდ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თვითმფრინავში არ ჩაჯდა და ქვეყნიდან არ გაიქცა მთავრობასთან ერთად და არ ჩააბარა ქვეყანა ულაპარაკოდ. წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩააგდებდნენ მიშას რომ ზელენსკის გზა აერჩია? მიშამ ბრძოლა წააგო, რადგან არავინ მოგვცა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ჩვენი ბიჭები სკუტერზე დამაგრებული საზენიტო რაკეტებით დასდევდნენ ცაში რუსულ ბომბდამშენებს და მოიერიშეებს და მაინც ჩამოყარეს რამდენიმე. მიშამ ძალაუფლება წააგო ამის შემდეგ. ზელენსკიმ ბრძოლა აირჩია და მიუხედავად უდიდესი მსხვერპლისა, მისი რეიტინგი 90%-ია.
ასე რომ, ადვილია ყველაფერი ყოველთვის სხვას აბრალო, სხვისკენ გაიშვირო ხელი, ადვილია როცა სხვისი თავგანწირვა მოგწონს, მაგრამ სულ სხვა რამეა როდესაც სასწორზე შენი სიცოცხლე, შენი ცხოვრება დევს.
ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ლაჩრობის, რუსულ პროპაგანდაზე დაყოლის და კოლაბორაციონისტების არჩევის ფასს, საკუთარი სიღატაკით და მონობით ვიხდით. წარსულს ჩვენ ვეღარ შევცვლით და ვერც უკრაინელების თავგანწირვა გაგვიყვანს ჩვენ ფეხის დაუსველებლად ფონს, მაგრამ შეგვიძლია უკრაინელების მაგალითზე ვისწავლოთ და განსხვავებული გზა ავირჩიოთ.
არ დაგავიწყდეთ, წარმოიდგინეთ ახლა 9 წლის შემდეგ უკრაინის რომელიმე მთავრობამ ზელენსკი რომ დაიჭიროს და ზედმეტად ნაყიდ რამდენიმე პიჯაკს ედავოს, აი ეს სამარცხვინოობა ხდება ჩვენ თავს ახლა და ჩვენ ამას ვითმენთ არა მხოლოდ 9 წელია, არამედ ახლაც, ამ წუთას, უკრაინის გმირობის ფონზე. ჰოდა მინდა გკითხოთ, არ გრცხვენიათ? მე ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მითქვამს, რომ 2008-ში საქართველო რამეში იყო დამნაშავე,” წერს მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში.
კომენტარები