ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების ზოგიერთ დეტალს ასაჯაროვებს და აცხადებს, რომ რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მნიშვნელოვან საექსპორტო საქონელზე წვდომა შეუწყდება.
”რუსეთი, პრინციპში, მოწყვეტილი იქნება საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან. სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომელიც რუსეთს სასწრაფოდ სჭირდება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის დამოკიდებულება წიაღისეული საწვავის ექსპორტზე მისი სისუსტეა.
”ის შეადგენენ მათი ექსპორტის ორ მესამედს და რუსეთის ბიუჯეტის ნახევარი ამისგან მოდის. რუსეთს სჭირდებოდა მოდერნიზაცია, რაც შეუძლებელი იქნება, თუკი შემდგომი სანქციები დაწესდება,“- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, მისი თქმით, დასავლეთმა რუსეთს დიპლომატიის შანსი უნდა მისცეს.
„ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის უნდა მივცეთ რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი. ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა,“- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
კომენტარები