უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და შორსმიმავალი შედეგები ექნება, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულადაც, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ მათი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა.
„ჩვენი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა. უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების განლაგება ძალზე შემაშფოთებელია და აღნიშნული ვითარების შესახებ ჩვენი შეფასებები მსგავსია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და ამას შორსმიმავალი შედეგები ექნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულადაც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი არ შეაჩერებენ ძალისხმევას მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ომის თავიდან ასაცილებლად. ამჟამად ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა და სოლიდარობაა,“- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსკოვთან უსაფრთხოების საკითებზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გზები და საშუალებები რუსეთთან დიალოგში ჩასართავად“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, ოლაფ შოლცმა ემანუელ მაკრონსა და ანდჟეი დუდას ბერლინში უმასპინძლა. გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ ლიდერები რუსეთს უკრაინის საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციისკენ და დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ. „ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე საფასური ექნება,“- აცხადებენ გერმანიის მთავრობაში.
კომენტარები