მიმაჩნია, რომ ამ მოწვევის პარლამენტის ისტორიაშიც კი, დასკვნა და მწვანე შუქის ანთება მანდატის შეწყვეტისთვის იქნება გამორჩეულად სამარცხვინო, შავი ლაქა, – ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომ დეპუტატებს: ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა დავალება შეასრულა.
„არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი გულწრფელი შეშფოთება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ორიოდე წუთის წინ საპროცედურო კომიტეტმა მიიღო. არა იმიტომ, რომ ჩემს თანაგუნდელს და ორ კოლეგას ეხება ეს საკითხი, არამედ მიმაჩნია, რომ ამ მოწვევის პარლამენტის ისტორიაშიც კი, დასკვნა და მწვანე შუქის ანთება მანდატის შეწყვეტისთვის იქნება გამორჩეულად სამარცხვინო, შავი ლაქა. ძალიან ვწუხვარ, პირველ რიგში, როგორც პარლამენტის წევრი და არა ბადრი ჯაფარიძის თანაგუნდელი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთების და სამართლებრივი პრინციპების სრული იგნორირებით მიიღო კომიტეტმა, რომელიც პარლამენტში, შიგნით უნდა იყოს სამართლიანობის და წესების დამცველი კომიტეტი. თუ აქ ვინმე ჩემი კოლეგა ზის, რომელსაც სამართალი გვისწავლია, ვისგანაც გვისწავლია უნივერსიტეტებში თუ არაფორმალური განათლების მიმცემ დაწესებულებებში, ყველა ის ადამიანი ღიად აცხადებს, რომ ე.წ. განაჩენი არის თავად არაკონსტიტუციური. ძალიან ვწუხვარ, რომ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ეს დავალება შეასრულა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრს ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს.
კომენტარები