News.ge უცვლელად გთავაზობთ ფილოლოგის, ნინო ჩხიკვიშვილის ჩანახატს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
რატომ????
მას შემდეგ, რაც ეს წიგნი გამოვიდა
„ელენე ბაქრაძე _ დარიანი“ _ და ატყდა დიდი დავიდარაბა, შეამჩნევდით, როგორ ვარ ამ ამბით დაინტერესებული: დისკუსია, დისკუსია-მეთქი, ავიტეხე და წინა კვირას, 23 იანვარს ონლაინ გავმართეთ კიდეც.
მოკლედ, ვარ ამ საქმეში და… ვარ!
მხოლოდ ამ თემის გარშემო ვლაპარაკობ, სხვა არაფერი მაინტერესებს. გუშინაც, გაგარინზე რომ ჩავედი, გაზეთების ჯიხურში ძველ ნაცნობს გამოველაპარაკე.
ეს ქალი უკვე კარგა ხანია იმ ჯიხურში მუშაობს და ხშირად მინახავს ლიტერატურული პერიოდიკის ჟურნალ-გაზეთებს. მერე, წარმოშობით ქუთაისიდანაა და ეს რომ გავიგე, დავუწყე ჩემებურად ლაპარაკი, იმდენი ველაპარაკე ყანწელებზე გავაბრუე.
მას მერე, რომ დამინახავდა, მოსალმების ნიშნად ხელს რომ ამიწევდა, თან ღიმილით შემეკითხებოდა: ჰა, აბა, როგორ არიან, შენი ქუთაისელი ძმაკაცებიო?!
მეც მეტი რა მინდოდა, გატაცებით ვიწყებდი მათზე საუბარს. ხან რას ვუყვებოდი, ხან რას, განსაკუთრებით უყვარდა პაოლოს ამბების მოსმენა, კაფე „იალტას“ ისე ვიხსნები, თითქოს იქ გამეტარებინოს დღეები და ნაძლევზე, „იალტას“ სახურავიდან გადმომხტარი კოლაუ რომ გავიხსენე, გულუბრყვილოდ შემეკითხა:
_ მოიცა, მოიცა, ეგ ამბავი, შენ საიდან გახსოვსო?
_ რას ჰქვია მახსოვს, მეც იქ ვიყავი მეთქი! _ გულიანად ვიცინოდით.
მერე თავის ამბებს მიყვებოდა.
ერთხელაც, _ ჩემი ოცნება იყო ფილოლოგიის ფაკულტეტზე მესწავლა, ორი წელიწადი ვაბარებდი,მაგრამ ჯერ ერთი,მეორე წელიწადს ნახევარი ქულა დამაკლდა და მესამე წელიწადს კი ერთი ბიჭი გავიცანი, ეგ შენი „დარიანულები“ ზეპირად რომ იცოდა და გავიპარე და გავყევიო! _ მითხრა.
_ სიყვარული კარგია, სიყვარულს რა ჯობს- მეთქი?! _ წესით კი უნდა მეპასუხა, მაგრამ შენი დარიანულიო, რომ მითხრა, გადავიხარხარე.
_ აბა, გაიმეორე, რა მითხარი, პაოლოს დარიანულზე_ მეთქი!
_ ეგ შენი დარიანული! _ სიცილითვე მიპასუხა.
_ ჩემი, ჩემი დარიანული?_ სიცილისგან სული რომ მოვითქვი, გავაგრძელე:
_ ეგ მეორედ არ გაიმეორო!
_ რა არ გავიმეორო?! _ გაოცებულმა და დამფრთხალმა შემომხედა.
_ რაც წეღან მითხარი _ შენი დარიანული!
_ რა მოხდა, გეწყინაო?
_ მეწყინა კი არა, არ იცი შენ, რა ხდება მაგაზე და ახლა ამ ლექსებს შენი ჭირიმე, მე ნუ მომწერ, თორემ… ორივეს დაგვიჭერენ-მეთქი და ელენე ბაქარაძის ამბავი მოვუყევი.
_ დედა, ეს რა მითხარი, რატომ ვერ ცოცხალიო, ნწუ, ნწუ, აფსუს პაოლოო!_ ისე იტკიცა ხელი ლოყაზე, მის ნაცვლად მგონი მე გამიწითლა სახე.
მას მერე ყოველთვის თვითონ იწყებდა ამაზე საუბარს: აბა, რა იცი ახალი პაოლოზეო?
ერთხელაც რომ მომბეზრდა ამდენი ლაპარაკი, ვურჩიე: _ მოდი, ფეისბუქი ხომ გაქვს გახსნილი, ჰოდა, იქ საგანგებოდ რაღაც პოსტებს ვდებ ყანწელებზე და იქ შემომიერთდი-მეთქი.
_ მართალი ხარ, ასე ვიზამო და კიდევ ერთი ახალი წევრი შემოგვიერთდა ჯგუფში და ამ წიგნის გამოცემასთან ატეხილ აჟიოტაჟში ისე ჩაერთო, ნუ იტყვით… იმ დღეს მომწერა:
_ თუ იცი, რა ვქენიო, რადა, _ ეგ წიგნი ვიშოვეო!
_ რომელი?
_ რომელი და დარიანიო?
_ რას ამბობ, როგორ იშოვე, მათხოვე-მეთქი?!
_ რა უნდოდა, მაგის შოვნას თბილიში, ბუკინისტებმა დაადეს უკვე ფასიო.
_ მე კი ახალი ტირაჟს გამოცემას ველოდები!
_ ჰოდა, სანამ შენ მაგას ელოდები, მე ეგ წიგნი თითქმის ბოლომდე ჩავიკითხე და ერთი რამ დავასკვენიო!..
_ უყურე ერთი, რა დაასკვენი მაინც ასეთი!
_ არ გეწყინოს, მაგრამ …
_ ჰა, მიდი, თქვი, ნანული, შენგან რა უნდა მეწყინოს-მეთქი!
_ მართლა არ გეწყინება, რაღაცა რომ გითხრაო, აბა შვილები დაიფიცეო და… დაიწყო: ვინა ყოფილხართ, თქვენ ეს ფილოლოგები, მეცნიერები ვართო, ლიტერატურის მცოდნეები, რა ეძახი, შენ კიდევ აი, ლექსებს რომ განიხილავს და ხელნაწერებს?
_ ლექსმცოდნეობას, ტექსტოლოგიასაც!
_ ჰო, ჰო ეგე კიდევ და… ათასი ტერმინები რომ გაქვთ მოგონილი. რად უნდა ამას ამდენი მსჯელობა?!
_ ჰო, მერე რა, მითხარი?
_ გითხრა?
_ მითხარი და თუ ეს საინტერესო ვერსიად ჩავთვალე , აუცილებლად დავწერ!
_ ნურაფერს ნუ დაწერ შენი ჭირიმე, ამას ახლა შენ ისე, შინაურულად გეუბნები, ფეისბუქზე გამოსაჭენებლად კი არა… მაგრამ მაინც გეტყვი!
_ მითხარი: ყურადღებით გისმენ!
_ ამ ქალს, ელენს, მართლაც თანავუგრძნობ თუ ვუთანაგრძნობ, ეგ არ ვიცი, რომელი ფორმაა ლიტერატურულად გამართული, მაგრამ… ის კი ვიცი, რომ … ამ ქალს პაოლო რომ უყვარდა, მერე პაოლომ ცოლად არ მოიყვანა და ესეც გაგიჟდა… მერე რა, რომ… კარგი ქმრები ჰყავდა, მაინც პაოლო უყვარდა სიცოცხლის ბოლომდე და… კიდევ რაც მთავარია: ნინასი შურდა.
_ ვინ ნინასი?
_ ტიციანის ცოლის, აი იმისი შურდა, ფარულად თუ აშკარად, ექიშპებოდა და… ისიც კი შეშურდა დიდუბის პანთეონში რომ დაასაფლავეს. იცი რაზეა გამწარებული?
_ რაზე, რას ამბობ?
_ რას და ნინა ტაბიძე, როგორც ტიციანის მეუღლე , ყანწელების დად რომაა აღიარებული, ეგ კიდე ჩრდილში რომ დარჩა, ჰოდა, ესეც, ადგა, გადაწერა მაგ პაოლოს ლექსები და ასე მიითვისა დარიანულობა… ცოტათი სხვანაირი ქალია, გემის შენ? რაღაცა ხდება მანდა, აი, კარგად თუ ჩაუფიქრდები, მიხვდები, როგორი უბედურიცაა: ამდენი ქიშპობით დაღლილია, აგერ, კონსტანტინე გამსახურდიას მწერლობასაც რომ გაკრა კლანჭი, თორემ დიდ კონსტანტინესთან რაღა ჰქონდა სადავო? ისე ძაან შემეცოდა და შენც უნდა უთანაგრძნოოო!
_ კი მაგრამ ამას როგორ, რა საფუძველზე ასკვნი -მეთქი!
_ იცი რას გეტყვი? ნამეტანი ბევრი ოფიციალური სიტყვები გიყვართ თქვენ, ფილოლოგებს, არადა, არ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაია: გადაშალე აგერ 216, 217, 218,220, 228, 265,300, 303, 305, 306, 307 და… წიგნის სხვა გვერდსაც ჩამოთვლიდა, მაგრამ გავაჩუმე.
_ მოიცა, აბა რას ლაპარაკობ-მეთქი?!
_ აი, შენ კი მაჩუმებ, მაგრამ… რომ წაიკითხავ, ყველაფერში დამეთანხმებიო!
_ მათხოვებ წიგნს?_ შევეკითხე.
_ გათხოვებ, შე ქალო, აბა რას ვიზამო?!
_ ცოტათი ნაწყენმა მიპასუხა, მისი დაკვირვება ასე ერთბაშად რომ არ გავიზიარე, მაგრამ…იქნება მართლაც ზედმეტად ბევრს ვმსჯელობთ და მართლაც ასეთ მარტივადაა საქმე?!
არც კი ვიცი, რა გითხრათ?!
კომენტარები