“უბრალოება
თოვდა და თოვდა მაშინაც …
1996 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათისკენ მიმავალ ტრანსპორტს ნახევრად გაუკვალავ თოვლში გადაადგილება უჭირდა. ფეხდაფეხ მიემართებოდა ტაძრისკენ ერი და ბერი.
ქუთაისელი ჟურნალისტებით სავსე “მარშრუტკა” აღმართის დასაწყისშივე ყინულზე მოცურდა და შედგა. მძღოლმა ერთხანს თავისთვის იწვალა, მერე მორიდებით ითხოვა: ორი -სამი ბიჭი გადავიდეს და მანქანას უკნიდან მოაწვესო. გარეთ ციოდა, ყინავდა და თბილი სალონის დატოვება არავის მოუნდა. ყოყმანის ამ რამდენიმე წუთში უცებ მანქანა შეინძრა – რაღაც ძალა უკნიდან ღონივრად მოაწვა, მოაწვა და მძღოლმაც იმარჯვა. მშვიდობით გადავლახეთ დაბრკოლება, გავედით სამშვიდობოს.
ინტერესით მოვიხედეთ უკან და დავინახეთ მორჩილის მუქლურჯ კაბაში გამოწყობილი ვიღაც ახოვანი, წვერებიანი კაცი, რომელიც ხელებს მშვიდად იწმენდდა. აი, ის ერთადერთი კაცი, რომელიც მანქანას ყოველგვარი თხოვნის გარეშე, საკუთარი ნებით ამოუდგა უკნიდან და მოყვასს კეთილშობილურად მოაშველა ხელი.
შევაჩერეთ “მარშრუტკა”, რომ მადლობა გვეთქვა და ეს მადლიანი ადამიანი გელათამდე დაგვემგზავრებინა. მან მოკრძალებული, კეთილი ღიმილით იუარა: არა, არა, შვილებო, ფეხით მირჩევნიაო.
კარგად ნაცნობი სახე კი ჰქონდა! ამასობაში დავაკვირდით და… გუჯა ბურდული არ ამოვიცანით?ქართულ ფილმებში მრავალრიცხოვანი ბრწყინვალე როლის შემსრულებელი, და კიდევ – ლადო და ბაკურ ბურდულების მამა, ხელოვანთა დიდი ოჯახის თავკაცი! რომელი ერთი უნდა გაგვხსენებოდა და ფაქტების კორიანტელი დაგვეტრიალებინა დროის იმ უმცირეს ინტერვალში!
აი,თურმე, ვინ ჩაგვიტარა უბრალოებისა და თავმდაბლობის მასტერკლასი!
სანამ ჟურნალისტები “მარშრუტკაში” სათითაოდ შევლაგდებოდით, გუჯა ბურდულმა მხნე, ფართო ნაბიჯებით უკვე აათავა პირველი აღმართი. მიდიოდა და თითქოს ტაძრისკენ ღონიერი მხრებით მიჰქონდა თავისი ტკბილსევდიანი:
“რიმდარირო, რიმდარირო…”
ნანული ცხვედიანი. 15 იანვარი, 2022″ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და მწერალი ნანული ცხვედიანი.
კომენტარები