მელიას რომ ღირსება ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა პარტიას და გვერდზე გაიწეოდა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ძალაუფლებისთვის მებრძოლი რაღაც კასტაა“.
„ახლა რატომ არიან ასე „შეფუცხუნებული“? – იმიტომ, რომ ის ჯიგარი ჩამოვიდა – ბიძა ალასანია, მილიონობით რომ დაიხარჯა. ბოლოს გახსოვთ აქციებს რომ ატარებდნენ და ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ? – 57, 117, 43 კაცი მიჰყვებოდათ და მოსთხოვა, აბა, სად არის ის მილიონები რაც დავხარჯე და ჩავდე ამ აქციებშიო? ეს მათი თემაა და ეს გადაჯგუფებებიც ამიტომ მოხდა. მელია მოამწყვდიეს ალყაში. მელიას რომ ღირსება ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა იმ პოლიტიკურ პარტიას და გვერდზე გაიწეოდა. აგერ თქვენ და მე და ცოტა ხანში სხვანაირად ილაპარაკებს და იტყვის სხვა გზა მაქვს და სხვა მეთოდიო. სავარაუდოდ „ლელოში“ გადავა, როგორც ქალბატონი ხოშტარია. ესეც ცალკე მებრძოლი იქნება და რაღაც გაერთიანება იქნება – 4%-იანი პარტიის ლიდერები იქნებიან ეს 4 თუ 5 კაცი”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამასთან, მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი მილევად რეჟიმშია გადასული.
„ესენი არიან ძალაუფლებისთვის მებრძოლი რაღაც კასტა. ამათ არ აინტერესებთ არც მოქალაქე, არც მათი ინტერესები. რამის შნო რომ ჰქონოდა პატივცემულ სააკაშვილს, უკრაინაში, ოდესაში ჩაიყვანდა ინვესტორებს. იქიდან გამოაბუნძულეს, მისმა პარტიამ 4% აიღო. რამის შნო რომ ჰქონოდა იქ ჩაიტანდა ინვესტიციას. ესენი არიან მატყუარების გუნდი. სააკაშვილი შემოიპარა არაჟნებთან ერთად და ახლა სამართლიანად ზის ციხეში. ვურჩევდი, დაასვენონ ის კაცი! მე-8 არჩევნებს აგებენ, რაც ნიშნავს, რომ მათი რესურსი მილევად რეჟიმშია გადასული. ამიტომაც განხორციელდა კოსმეტიკური, შიდა ცვლილებები. სააკაშვილს 94% ჰყავდა ამომრჩეველი 2003 წელს და ბოლოს აქცია რომ ჩაატარეს 117 კაცი მისდევდა. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ზარქუამ და დასძინა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში 90-იანი წლების დაბრუნება უნდა.
„ამათ უნდათ 90-იანი წლები დააბრუნონ საქართველოში, ქართველი რომ ქართველს დაუპირისპირდეს, იქ ესროლოს, მანქანები დაწვან, ჩამოანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუციები. მათი ხედვა არ არის ის, რომ სიმშვიდე და განვითარება იყოს. მათ რევოლუციის მოხდენა და ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ. „ქართული ოცნება“ იქნება თუ არა, ქართველი ხალხი მაინც არასდროს დაუშვებს „ნაციონალურ მოძრაობას” და სააკაშვილს ხელისუფლებაში. ეს აქსიომაა. 2024-ის შემდეგ ვიქნები თუ არა ხელისუფლებაში არ ვიცი, მაგრამ დაიმახსოვრეთ – არასდროს არავინ მოუშვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც რუსეთის დაკვეთაა – ქაოსი, დესტაბილიზაცია, რაც არ გამოუვათ!“ – განაცხადა ზარქუამ.
კომენტარები