UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა – მას ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაემატა. განახლებულ მასალაში მითითებულია, რომ ლაშქარავა საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.
UNESCO-ს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულაი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების გამჭვირვალობა და ყოვლისმომცველობა.
“ჟურნალისტებმა ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეძლონ საკუთარი საქმის კეთება. ეს მოვლენები სხვებისთვის საფრთხის შემცველი გზავნილია და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს”. – წერს ის.
UNESCO ლაშქარავას საქმეზე დამატებით ინფორმაციასაც აქვეყნებს:
“ალექსანდრე ლაშქარავა მუშაობდა ტელეკომპანია პირველისთვის და იყო ერთ-ერთი 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მედიის წარმომადგენელს შორის, რომლებიც სერიოზულად დაშავდნენ 5 ივლისს თბილისში LGBTQ+ აქტივისტებზე თავდასხმის დროს. შიშისა და ძალადობის გამო თავდასხმას დაგეგმილი ღირსების მარშის გაუქმება მოჰყვა. ის გარდაიცვალა 11 ივლისს, საკუთარ სახლში”.
კომენტარები