სომხეთის პრემიერ-მინისტრი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გააგზავნის. მისი თქმით, სამშვიდობოები ყაზახეთში წესრიგის აღდგენას შეუწყობენ ხელს.
„ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის მომართვისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებული რისკების გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.
5 იანვარს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რეგულაცია „კომენდანტის საათის“ 23:00 საათიდან 07:00 საათამდე დაწესებას, მასობრივი ღონისძიებებისა და გაფიცვების აკრძალვას, ასევე, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვას ითვალისწინებს.
კომენტარები