მიხეილ სააკაშვილთან დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი უნდა შევიდეს. სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს პენიტენციურ დაწესებულებაში 15:00 საათისთვის ელოდებიან.
ექსპრეზიდენტთან გამომძიებელს კითხვები გორის ჰოსპიტლის ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა დეტალები ცნობილი არაა. წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილს უფლებადამცველთან ერთად გამოკითხავს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის შესვლამდე კი, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა ერთ-ერთი უფლებადამცველი, გიორგი მშვენიერაძე. მას დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პარალელურად, რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლას გეგმავს რომან გოცირიძე, ის უკვე ადგილზე იმყოფება.
როგორც პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი ამბობს, ექსპრეზიდენტთან ბევრ საკითხზე ექნება საუბარი, მათ შორის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ასევე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მუშაობის თემაზე.
“ბევრ საკითხზე გვექნება საუბარი, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მუშაობის შესახებ და საერთოდ, ამ კომისიის როლზე. საგამოძიებო კომისიაში მუშაობა ნიშნავს პარლამენტში მუშაობას,“ – ამბობს რომან გოცირიძე.
კომენტარები