ვაპირებთ ბრძოლას ყველა მიმართულებით, ბრძოლას რიგგარეშე არჩევნებისთვის, ბრძოლას ნებისმიერი ფორმით და ადამიანების დარწმუნებას, რომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ახალი, განსაკუთრებული რეცეპტი ამ წუთას მე არ მაქვს და ვერც ვერავის ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც პარტიის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პარტიისთვის პრიორიტეტად რჩება მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა და ადამიანებთან უშუალოდ შეხება ყველა მიმართულებით. ამასთან, მან პროტესტიც არ გამორიცხა.
„ამ პრიორიტეტების გარდა უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანებს ყოველდღიურად აწუხებთ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები. ეს არის გაჭირვება, სიღარიბე, ოკუპაცია, ადამიანების გატაცება და აუცილებელია, რომ ჩვენ დივერსიფიცირებულად ვიმოქმედოთ, როგორც ოპოზიციამ. პროტესტიც, პარტიის გაძლიერებაც, საგამოძიებო კომისიაც, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ბრძოლა და ა.შ. სხვადასხვა მიმართულებია, ეს არ უნდა იყოს რომელიმე ერთი კონკრეტული მიმართულება. მე ვემხრობი ძალიან მნიშვნელოვან დივერსიფიკაციას, მათ შორის დემოკრატიის მიერ აღიარებულ ყველა ხერხს.
ჯერ მთავარია შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ეს კომისია არსებობდეს. რა თქმა უნდა, პროტესტის გამორიცხვა წარმოუდგენელია და პროტესტი უნდა არსებობდეს, ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ყევლაზე მნიშვნელოვანიო ფორმა, ადამიანების თვითგამოხატვა. რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებას, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, მე პირადად, როგორც პოლიტიკოსს მიმაჩნია, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა“. განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრობლემის მიმართ ჰქონდეთ შესაბამისი რეაქცია, მათ შორის ადამიანების დარწმუნება, თუ რატომ არის ცუდი „ქართული ოცნება“ და რას გააკეთებს ოპოზიცია ხელისუფლებაში როცა მოვა.
დეკანოიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ესმოდეს, იმ შემთხვევაში, როცა შეიცვლება „ქართული ოცნება“ და ეს აუცილებლად მოხდება, რა არის ოპოზიციის კონკრეტული გეგმა, როგორ განავითარებს ქვეყანას. დეკანოიძე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო.
„ვაპირებთ ბრძოლას ყველა მიმართულებით, მათ შორის ბრძოლას რიგგარეშე არჩევნებისთვის, ბრძოლას ნებისმიერი ფორმით და ადამიანების დარწმუნებას, რომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. არა შეეგუონ ადამიანები, არამედ, შეიცვალოს. ანუ ახალი, განსაკუთრებული რეცეპტი ამ წუთას, მე არ მაქვს და ვერც ვერავის ექნება. საკუთარი თავის მოლოდინზე პოლიტიკოსები არ უნდა მუშაობდნენ, უნდა მუშაობდნენ ადამიანების მოლოდინზე და იმაზე, როგორი უნდა იყოს შედეგი ძალიან მალე. არ მივეკუთვნები იმ ადამინების რიცხვს, ვისაც ხელები ჩამოშვებული აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ბრძოლას, პროტესტს, საქმიანობას, აქტივიზმს და ყველაფერს შედეგი მოაქვს. როდის დადგება ეს შედეგი კონკრეტულად თარიღი არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად რომ დადგება, ეს ვიცი“, – აცხადებს დეკანოიძე.
კომენტარები