“ჩემს თავზე ვიტყვი, სხვას რომ არ ეწყინოს; ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ბოლო დროს, გარემოების გამო, ცოტა მეტად დავჭირდით ქალაქს და მოქალაქეებს და ქალაქმაც ჩვენი ყოველდღიური, ნამცეცა შრომა ასმაგად დაინახა, ასმაგად დააფასა და შარშან ჩემთვის უხერხულობამდე დიდი- თბილისის საპატიო მოქალაქეობა მომანიჭა. უღრმესი მადლობა ცხადია, მაგრამ მაინც ეს დაფასება მსოფლიოში მიდინარე ამ მოვლენების, დროებითი ჭირის გამოძახილი და პასუხია.
ამ დილით გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ყოველდღიური მოღვაწეობა იყო ქალაქზე ზრუნვა, თავისი საყვარელი ქალაქის (და არა ცალკე კორპუსების) შენება, ათეული წლების განმავლობაში! მართლაც, ყოველი წლის საპატიო და ყველასათვის საყვარელი მოქალაქე გიორგი (გიგა) ბათიაშვილი!
ძალიან ვწუხვარ. თითქოს გუშინაც კი იმედიანად ვიყავით, მაგრამ ავმა სენმა სასიცოცხლო ძალები გამოულია..
დღეს თბილისი, ერთი ძალიან დიდი მოქალაქის, დიდი მოამაგის გარეშე დარჩა..” – ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
არქიტექტორი გიორგი (გიგა) ბათიაშვილი 1967 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში; 1973-1979წწ. იყო ტექნიკის ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტის “თბილქალაქპროექტის” თბილისის სახელმწიფო დაცვითი ზონის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სპეციალური არქიტექტურის სახელოსნოს. არის ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების დარგში სამეცნიერო გამოკვლევების ავტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური “300 არაგველი”(1967), თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური(1970-19711, თანაავტორები: არქიტექტორი ტ. ქუთათელაძე, მხატვარი ვ. ქოქიაშვილი ), იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში(ქ. არონის მახლობლად, იტალია, 1972), თბილისის ისტორიული უბნების–შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კ. ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის(1979–1989), ძველი თბილისის ცალკეული შენობების, მეიდნის, ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტების ავტორი. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიკოსი(1992). 1983 წელს გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჯილდო “სამკერდე ჯვარი”; 1985 წელს თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისათვის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრემია.
კომენტარები