მთარგმნელმა, აღმოსავლეთმცოდნემ და პოეტმა, გიორგი ლობჟანიძემ, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ თარგმანის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო, შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედალი მიიღო. შაჰრიარის მედალს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევრებისთვის გასცემს, ვისაც ირანისტიკის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დაჯილდოება ონლაინ რეჟიმში გაიმართა 17 ნოემბერს. ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ამავე ჯილდოზე წარდგენილი კიდევ ექვსი მეცნიერი ესწრებოდა, გიორგი ლობჟანიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის წარმომადგენლობას ჯილდოზე წარდგენისთვის. ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და თავრიზის უნივერსიტეტს — მედლის მინიჭებისათვის. დაჯილდოება წელს მეექვსედ გაიმართა. გიორგი ლობჟანიძემდე კი, სხვადასხვა წელს, ეს მედალი მიღებული აქვთ სხვა ქართველ ირანისტებს: თსუ ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, თეა შურღაიას, პროფესორ ნომადი ბართაიასა და დოქტორ მაია სახოკიას.
პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ საერთაშორისო ჯილდო, შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედალი მიიღო
Tags გიორგი ლობჟანიძე
კომენტარები