ნატო მხარს უნდა უჭერდეს არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ორი ქვეყნის სურვილს, შეუერთდნენ ალიანსს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე დღეს განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მომავალშიც დავუჭიროთ მხარი ორ შავიზღვისპირა ქვეყანას – უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ არა მხოლოდ მათ ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, გავამყაროთ მათი შესაძლებლობები, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, მათ მიზანსწრაფვას. ჩვენ კარგად ვიცით ამ მიზანსწრაფვის შესახებ. პოლონეთი და თურქეთი, სამწუხაროდ, იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის არიან ნატოში, რომლებიც ახდენენ ამ საკითხის წამოწევას მინისტრების ყოველი შეხვედრისას და ყოველ სამიტზე“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მანვე თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის.
„ჩვენ არ ვაღიარებდით და არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას და მე დავადასტურე ეს ვალდებულება ყირიმის ფორუმზე“, – აღნიშნა მან.
მანვე განაცხადა, რომ შავიზღვისპირა რეგიონი ერთ-ერთი მთავარი რეგიონია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და ამიტომ, ძალთა სამხედრო ექსპანსია ამ რეგიონში მოითხოვს მუდმივ ყურადღებას ნატოს მხრიდან.
კომენტარები