News.ge -ს სტუმარია ავსტრალიის მოქალაქე, ფიზიკოსი მაია გოგსაძე, რომელმაც საქართველო 1998 წელს დატოვა…
ნ.ჩ. ქალბატონო მაია, ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო შეკითხვით, როგორ უმკლავდება ავსტრალიის მთავრობა პანდემიას, გამკაცრებებულია თუ არა რეგულაციები, როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ?
-მოგესალმებით ნინო, შორეული ავსტრალიიდან. მინდა გითხრათ, რომ ავსტრალიის მთავრობა ძალზედ მობილიზებულია პანდემიასთან ბრძოლაში. ყოველ დილით ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მართავს პრესკონფერენციას და მოსახლეობას აწვდის დეტალურ ინფორმაციას NSW შტატში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე მოუწოდებს მოსახლეობას აცრისკენ. ავსტრალიაში დღევანდელი მონაცემებით 24,1 მილიონი ადამიანია აცრილი. ავსტრალია მსოფლიოში პირველ ადგილზეა აცრის თვალსაზრისით, თუმცა ანტივაქსერები აქაც არიან. ჩვენს შტატში NSW ში 8 მილიონი ადამიანია აცრილი. 3,1 მილიონი ადამიანია აცრილი ორმაგი დოზით. თითქმის ყველა უბანში გახსნილია უფასო ტესტირების კლინიკები. პასუხი მოგდის მეორე დღეს მობილურზე ტექსტური შეტყობინებით. ამჟამად Lockdown-ია გამოცხადებული. სახლიდან გასვლის უფლება გვაქვს მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისამებრ. პროდუქტის შესაძენად, ან ექიმთან ვიზიტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა გვეკისრება 5 000 ავსტრალიური დოლარის ოდენობით. ამიტომ ვცდილობთ კანონს დავემორჩილოთ. ის უბნები სადაც ვირუსის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდება პოლიციის კორდონით და ჯარით. ჩვენი შტატის, NSW-ის პრემიერ-მინისტრის გლადის ბერეჯიკლიანის განცხადებით, როდესაც NSW ში მოსახლეობის 70% აიცრება ლოქდაუნი მოიხსნება, ამას ოქტომბრის დასაწყისისთვის ვარაუდობენ. მე პირადად აცრილი ვარ ორჯერადად. ორჯერადად აცრილებს ეძლევათ სერთიფიკატი, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ შესვლა კაფეში, რესტორანში და ასევე თავისი საცხოვრებელი სახლიდან გადაადგილება შეუზღუდავად 10 კმ.-ის მანძილზე. ასევე შეუძლიათ პიკნიკის მოწყობა, ადამიანების რაოდენობა ხუთს არ უნდა აჭარბებდეს.
ნ.ჩ. ქალბატონო მაია, რამ გადაგაწყვეტინათ გამხდარიყავით ფიზიკოსი?
– სიმართლე გითხრათ, ჩემი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა ფიზიკოსის პროფესია. ბიძა მყავდა ფიზიკოსი და რამდენიმე წელი მამზადებდა ფიზიკა – მათემატიკაში. ოჯახური გადაწყვეტილებით ჩავაბარე ფიზიკის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე უცხო ენების ინტენსიური სწავლების ფაკულტეტზე. ინგლისური ენა. ვმუშაობდი ფიზიკის ინსტიტუტში, შემდეგ კი კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ მუშაკად.
ნ.ჩ. თქვენ ტელევიზიაშიც მუშაობდით, გქონდათ თქვენი პროექტი – არ გაგიტაცათ ჟურნალისტობამ?
– ტელევიზიაში მოვხვდი სრულიად სპონტანურად, დიქტორების შესარჩევი კონკურსი ტარდებოდა და მივიღე შემოთავაზება, რაზეც დავთანხმდი. მაშინ “საზოგადოებრივი მაუწყებლობა” ერქვა. თავიდან გამიშვეს საინფორმაციოში რეჟისორის ასისტენტად. ეს იყო საცდელი პირველი საფეხური, თავიდანვე გამაფრთხილეს, ამ პოზიციას თუ გავუძლებდი ყველაფერს მივაღწევდი. ეს მართლაც ურთულესი სამუშაო გრაფიკი იყო. 90-იანი წლების ბოლო პერიოდი, კორესპონდენტებს მოქონდათ ახალი ამბებისთვის გადაღებული მასალები, რომლებიც სიუჟეტის სახით უნდა მიგვება პირდაპირ ეთერში დიქტორის ტექსტზე. ეს იყო სრული საგიჟეთი, ქაოტური სიტუაცია, ვინ სად გარბოდა, ვინ რას აკეთებდა, თვალის მიდევნებაც კი ჭირდა, ერთი პატარა შეცდომის დაშვების უფლებაც არ მქონდა, საშინლად დავისტრესე, ყოველი სამუშაო დღის დასასრულს საკუთარ თავს ვულოცავდი, რომ დღე მშვიდობით დასრულდა. ხანდახან მუქარის ზარებიც იყო, რომ ესა თუ ის სიუჟეტი ეთერში არ უნდა გასულიყო. მოკლედ, ასეთ ურთულეს რეჟიმში ვიმუშავე ექვსი თვე. შემდეგ უკვე მივიღე შემოთავაზება დილის გადაცემაში დიქტორის პოზიციაზე, რადგან ჩემი ხმის ტემბრი და ვიზუალი აკმაყოფილებდა ზემოთხსენებულს. მაგრამ, რომ გავაანალიზე – ყოველ ალიონს ტელევიზიაში უნდა შევხვედროდი უტრანსპორტობის, უშუქობის ეპოქაში, მივხვდი რომ გამიჭირდებოდა და ამიტომ დიქტორობაზე უარი განვაცხადე. გულით მეწადა გამეკეთებინა საკუთარი გადაცემა: “შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან” რაზედაც თანხმობა მივიღე. გამომიყვეს ოპერატორი და გადაცემისთვის ყველა დანარჩენი პირობა თავად უნდა შემესრულებინა. სცენარი, კორესპონდენცია, რეჟისურა, მონტაჟი. პირველი გადაცემა მომღერალ, ბატონ ავთო შარვაძესთან მისივე სახლში უნდა ჩაგვეწერა. ინტერვიუს ჩაწერიდან დაახლოებით 30 წუთში შუქი ჩაქრა. მოგეხსენებათ, ეს არ იყო მაშინ იშვიათი შემთხვევა, ველოდეთ რამდენიმე საათი და ბოლოს გადავწყვიტეთ გადაღება აივანზე გაგვეგრძელებინა. საბედნიეროდ ამინდმა ხელი შეგვიწყო და გადაცემა გეგმის მიხედვით ჩავწერეთ. არ მავიწყდება ჩემი პირველი ჰონორარი 17 მანეთი! მეორე გადაცემის ჩაწერის დროსაც არ მომკლებია სიურპრიზი. წინასწარ საგულდაგულოდ მომზადებული, ოპერატორთან ერთად, მივედი ხელოვან ქალბატონთან ინტერვიუსთვის (სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ), რომელმაც განგვიცხადა – დღეს ფორმაში არ ვარ და უარს ვამბობ ჩაწერაზეო, არადა საღამოს ჩანაწერი აუცილებლად უნდა მიმეტანა ტელევიზიაში. ისე ვინერვიულე, რომ ნერვიულობისგან ავად გავხდი.
ნ. ჩ. 90-იან წლებში ტოვებთ საქართველოს, რატომ აირჩიეთ ავსტრალია, რატომ ასე შორს?
– განვმეორდები და ვიტყვი, რომ 90-ინი წლები, ურთულესი პერიოდი იყო. ხელფასები თვეობით გაყინული, ვგრძნობდი რომ ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რაღაც უნდა შემეცვალა და ზუსტად ამ დროს, მე და ჩემმა მულმა გადავწყვიტეთ სამუშაოდ ამერიკაში წასვლა. სამწუხროდ, ვიზა ვერ მოხერხდა. ამ დროს გამოჩნდა ავსტრალიაში წამსვლელთა ჯგუფი და აგერ უკვე 23 წელია ავსტრალიაში ვცხოვრობ. ყველაფერი ნულიდან დავიწყე, აქ უცხო ქვეყნის დიპლომს არაფრად თვლიან. აქ უნდა ისწავლო, აქ უნდა აიღო დიპლომები და სერთიფიკატები რამეს რომ მიაღწიო. თავდაპირველად ავიღე მართვის მოწმობა. ეს პირველი გამარჯვება იყო, შემდეგ ვისწავლე და ავიღე :
1. Certificate III in Childrens Services. CHC 30402,
2. first Aid Certificate. HLTFA301 B;
3. Statement of Attainment ICAITU128A Operate Computer In Tomaree Comunity College;
4.Certificate of Achievement in recognition to complying with the National Quality Standarts Hands on Academy Family Day Care Service;
5. Business Administration Courses. TAFE NSW
ამ სერთიფიკატების აღების შემდგომ ჯერ საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა, შემდეგ კი ავიღე ლიცენზია-სერთიფიკატი Certificate of MEMBERSIP ,,Hands on Academy” to operate a Family Day Care Service და თავად გავხსენი საკუთარი საბავშვო ბაღი “Little Angels”. ბავშვები ძალიან მიყვარს! მაგრამ, მალე საქართველოში მომიწია ჩამოსვლა და შესაბამისად ბაღიც დავხურე. როდესაც დავბრუნდი ავსტრალიაში დავიწყე მუშაობა ერთ- ერთ უმსხვილეს დეველოპერული კომპანიის”MERITON”-ის ქვეკონტრაქტორად. ოთხი წლის განმავლობაში, ჩემს მოვალეობაში შედიოდა: მომუშავე გუნდის სუპერვაიზერობა, ხელფასების გაცემა, მომარაგება საჭირო ინვენტარით, შესრულებულ სამუშაოზე სრული პასუხისმგებლობა. კარგად შევისწავლე ეს საქმე და 2013 წელს თავად გავხსენი კომპანია “IVERIA” ( ქართული სახელწოდება ჩემი შვილის, თაკო შუბლაძის მოფიქრებულია) და თავად გავხდი ამ უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის “Meriton”-ის მთავარი კონტრაქტორი. დასაქმებული მყავდა ბევრი ქართველი. იმდენად დიდი შრომა ჩავდე ამ კომპანიაში, რომ უსწრაფესად გაიზარდა მოთხოვნა კომპანიის მიმართ. მემატებოდა ახალ-ახალი კონტრაქტები და უკვე 5 უზარმაზარ ცათამბრჯენ ობიექტთან მქონდა ხელშეკრულება დადებული. და ეს იყო ჩემი უდიდესი შეცდომა, რადგან სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი ობიექტების კონტროლი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კომპანია IVERIA შევინარჩუნე სამი წელიწადი და ყველა კონტრაქტი, მიუხედავად სტრესისა და ნერვიულობისა, პირნათლად დავასრულე. პარალელურად ვმუშაობდი ავსტრალიის ემიგრაციის დეპარტამენტში (Department of Immigration Australia) თარჯიმნად. ძალიან ბევრ ქართველს დავეხმარე სრულიად უანგაროდ.
ნ.ჩ. როგორია მაია გოგსაძის ერთი რიგითი, საქმიანი დღე
-დღეს ეს კითხვა არ შეესაბამება ჩემს რუტინულ, სამუშაო დღის გრაფიკს, რადგან მეოთხე თვეა ლოქდაუნია გამოცხადებული და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისამებრ გვიწევს სახლიდან გასვლა. და რაც შეეხება რუტინულ პერიოდს, ყოველი დღე იწყებოდა დილის 6 საათზე. წინა დღით ჩამოწერილი გეგმის მიხედვით ვასრულებდი ყოველ მომდევნო საათს და ყოველი წუთი მქონდა გათვლილი. განსაკუთრებით კომპანიის მმართველობის პერიოდში. ყოველი საღამო სრულდებოდა მომდევნო დღის დაგეგმარებით. ამ უნარის განვითარება-ჩამოყალიბებაში დამეხმარა მოტივაციის ასამაღლებელი წიგნები, რომელიც ყოველდღიურად მმუხტავდა და მავსებდა. ბევრჯერ შემხვედრია ცხოვრებაში განსაცდელი, თუმცა ამ წიგნებმა ძალზედ ადვილად გადამატანინეს ნებისმიერი დაბრკოლება, მასწავლეს როგორ შევხედო ზემოდან პრობლემებს. მარტო კი არ ვკითხულობდი, ვაკონსპექტებდი – ვსწავლობდი, თუ როგორ უნდა განმევითარებინა საკუთარი შესაძლებლობები. უნივერსიტეტში მიღებულმა უმაღლესმა განათლებამაც კი არ მომცა ის უნარ ჩვევები, რაც ამ წიგნებმა შემძინა. როგორ განვავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები, როგორ გავხდეთ კონცენტრირებული საქმისადმი და როგორ მივაღწიოთ წარმატებას. ჩემში ყოველთვის იყო ასეთი წიგნების შესწავლის სწრაფვა და წყურვილი. ალბათ, უკან რომ დამაბრუნა ფიზიკოსის ნაცვლად, ფსიქოლოგის პროფესიას ავირჩევდი.
ნ.ჩ. გვიამბეთ დედათქვენზე, ქალბატონ თინა ბურჯანაძე, რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგზე, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თაობები აღზარდა
-დედამ მართლაც საოცარი თაობები აღზარდა “პიონერთა სასახლეში”, მაშინ ასე ერქვა. მეც, ფაქტიურად, სასახლის შვილობილი ვიყავი, იქ გავიზარდე. თუმცა, დედა იმდენად აქტიური და თავდადებული იყო თავისი სამსახურეობრივი საქმისადმი, რომ მეორე კლასამდე ბაბუდა მზრდიდა, რომელიც ძალიან მიყვარდა. დედა იყო საოცრად ორგანიზებული, მოწესრიგებული, სულით ხორცამდე პედაგოგი. ის სახლშიც პედაგოგი იყო, თანაც საკმაოდ მკაცრი ჩემს მიმართ. რასაც ვერ ვიტყვი შვილიშვილების მიმართ. ის ნამდვილად ღირსეული დედა და ბებია იყო. საოცრად დამემხარა ჩემი თაკოს აღზრდაში, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. თაკო ბებოს სახელის უკვდავსაყოფად წიგნის აკინძვას გეგმავს, სადაც სრულად იქნება დახატული თინა ბურჯანაძის პორტრეტი.
ულევი წარმატება თქვენ, ქალბატონო მაია
დიდი მადლობა, ნინო
კომენტარები