პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ქვეყანაში 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები.
პრემიერის განცხადებით, მან თხოვნით მიმართა შარლ მიშელს, რომ ევროკავშირის ეგიდით რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე.
“მე შარლ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდება და სრულდება ეს პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში.
მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი შეთანხმებაზე, რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის.
მე პრეზიდენტ მიშელს მივმართე თხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ ევროკავშირის ეგიდით და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის არ მიეცეს საშუალება, ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის,” – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები