პოლიტიკური მოძრაობა „დროა” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ „ღირსების მარში” უნდა ჩატარდეს.
როგორც მოძრაობა „დროაში“ აღნიშნავენ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ივლისში დაგეგმილი „ღირსების მარში” მშვიდობიანად ჩატარდეს.
„პოლიტიკური მოძრაობა „დროა” მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და უზრუნველყოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ივლისში დაგეგმილი „ღირსების მარში” მშვიდობიანად ჩატარდეს.
17 ივნისს, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ „ღირსების მარშის” ჩატარებაზე, რადგან კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება წლებია მიზანმიმართულად უშლის ხელს ლგბტქი ადამიანებს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაში. ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, მმართველი ძალა ცდილობს, დანერგოს შიში და დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობა გადაიტანოს ლგბტქი ადამიანებსა და მათი უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე.
ირაკლი კობახიძის ეს განცხადება საშიშ გზავნილებს შეიცავს საზოგადოების არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ ყველასთვის. ეს არის ღია განაცხადი, რომ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების გარანტირებულ უფლებებს შერჩევითად, პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იცავს.
საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციის მიხედვით მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებაა, ხოლო მისი დაცვა კი სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები