ჩვენ ,,ქართული ოცნების” დღის წესრიგით არ მივდივართ, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს თავისი სტრატეგია, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა და ამ პარლამენტს ვუყურებთ როგორც გარდამავალ პარლამენტს, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში მისვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობას პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მისვლის შეეშინდა და ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ამიტომ გადადო.
,,ჩვენ ვაპირებთ სხდომათა დარბაზში შესვლას. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს იმიტომ, რომ შეეშინდათ ჩვენი შემოსვლის. ახლა ძალიან წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შევიკრიბებით და გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში. ჩვენ ,,ქართული ოცნების” დღის წესრიგით არ მივდივართ, „ნაციონალურ მოძრაობას” აქვს თავისი სტრატეგია, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა და ამ პარლამენტს ვუყურებთ როგორც გარდამავალ პარლამენტს. ძალიან მალე თვითმმართველობის არჩევნები იქნება, ამას მოჰყვება ვადამდელი არჩევნები, მანამდე ჩვენ დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით მომზადებულ “ამნისტიის პროექტს“ პარლამენტი დღეს აღარ განიხილავს. მეორე მოსმენით ჩანიშნული პროექტის განხილვის გადადების ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დასვა, რაც პროექტის ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა გაიზიარა.
კომენტარები