“კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოგიყვეთ, როგორ გაღატაკებთ მთავრობა.
საქართველოში ყოველთვიური შრომის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 1200 ლარია. ლარში იპოთეკური სესხების საპროცენტო სარგებელი მერყეობს 9-დან 14%-მდე, გააჩნია მსესხებლის საკრედიტო ისტორიას, დასაქმების სექტორსა და დასაქმებულის მუშაობის ხანგრძლივობას. 15 წლიან სესხზე საშუალოდ ყოველთვიური შესატანი მერყეობს 800-დან 1600 ლარამდე, თუ ბინას გარეუბანში იყიდით შედარებით იაფად. იგივე სესხს დოლარში 6%-ად აიღებთ, ხოლო ევროში 3%-ად.
იმის გამო, რომ თქვენ სახელმწიფოს მიერ იძულებული ხართ ხელფასი ლარში აიღოთ და ყველა ტრანზაქცია ლარში შეასრულოთ, ხოლო იმის გამო, რომ ლარის კურსი ხშირად მერყეობს, იძულებული ხართ ნაკლებად გარისკოთ და სესხი ლარში აიღოთ. თუმცა რომც გინდოდეთ დოლარში ან ევროში სესხის აღება, 100000 ლარზე მეტი თუ არ არის, უცხოურ ვალუტაში მაინც ვერ აიღებთ. ლარიზაცია რომ მოიგონეს ხომ გახსოვთ, ჰო მაშინ შემოიღეს ეს წესი.
იმის გამო, რომ ქვეყანაში ყველა ტრანზაქცია ლარში სრულდება, თქვენ არ შეგიძლიათ დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულება ლარის გარდა სხვა ვალუტაში დადოთ.
ავიღოთ კონკრეტული მაგალითი. მაგალითად სამი წლის წინ 15 წლით ისესხეთ 98000 ლარი წლიური 13.5%-ად. მის დასაფარად, გრაფიკით თუ დაფარავთ, ჯამში დაგჭირდებათ 245000 ლარი.
იგივე სესხი დოლარში რომ აგეღოთ, 6%-ად აიღებდით, ხოლო ევროში – 3%-ად, მაგრამ ეს რომ გაგეკეთებინათ, ლარის ინფლაციის გამო, დღეს უკვე მთელი ხელფასი კი არა, მთელი ჯამური შემოსავალი არ გეყოფოდათ ყოველთვიურ შენატანზე. ორივე შემთხვევაში თქვენ ზარალდებით.
ამ დროს, ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს და შემოსავალი დოლარში ან ევროში აქვს, შეუძლია საქართველოში დოლარში სესხი ორჯერ თქვენზე იაფად აიღოს, ორჯერ დაბალი რისკით და მარტივად იყიდოს ბინა და მოგაქირაოთ თქვენ, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ხელფასით ბინის ყიდვა არ შეგიძლიათ, რადგან თქვენ საკუთარი მთავრობა გაიძულებთ იმ ლარზე იმუშაოთ, რომელსაც თვითონ მთავრობა აკონტროლებს. მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები პრობლემა არაა, ყველაზე მთავარი აქ ისაა, რომ იგივე მთავრობის წევრებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს დოლარში ან ევროში სესხის აღება. მათ შეუძლიათ ხელფასები გაიზარდონ, 12 თვეში 24-ჯერ აიღონ პრემიაც და ერთი მაგდენი დანამატიც, ასე რომ სესხი თუ გაუძვირდებათ, ეს მათ დიდ პრობლემებს ვერ შეუქმნის. თან ამ ფულს თავად ხომ არ გამოიმუშავებენ, ჩვენ გვაცლიან ჯიბიდან.
იგივე მთავრობა, რომელიც ამ გარემოს ქმნის, იმისათვის, რომ მასზე არ გაბრაზდეთ, ტროლ-ბოტების, სოციალისტი მავნებლების და სასარგებლო იდიოტების მთელ არმიას მიმართავს, რათა ყველაფერი ბანკების სიხარბეს დაბრალდეს, თუმცა ბანკი იძულებულია იმ თამაშის წესებს დაემორჩილოს, რომელიც მთავრობამ დაადგინა.
ანუ, ამ ქვეყანაში საშუალო ხელფასით, პატიოსანი ადამიანი ვერასოდეს იყიდის ბინას, თუმცა შეუძლია რომელიმე უცხოელისაგან ან მთავრობის წევრებისაგან, მათი ოჯახის წევრებისაგან, მათთან დაკავშირებული ადამიანებისაგან იქირაოს.
ესაა ლარის მთელი სიკეთე. სინამდვილეში ლარი არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ ისე ამოგაცალონ ჯიბიდან ფული, რომ ვერ მიხვდეთ და ჰო, ამას აკეთებს “ქართული ოცნება” უკვე 9 წელია …
ჰო, კრიზისი ჩვენთვისაა, ინფლაციაც ჩვენთვისაა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდაც ჩვენთვისაა, თორემ ამათთვის ოქროს ხანა დგას, ამდენს თქვენ მთელი ცხოვრება ვერ იშოვით, რასაც ესენი თანამდებობაზე ყოფნის ერთ წელში შოულობენ. შოულობენ რა, თქვენ გვაცლიან ჯიბიდან. ზოგჯერ პირდაპირ და უხეშად და ერთი მაგდენს ირიბად. ჰოდა გასწორდით ახლა თქვენ კიდევ წელში და დეიწყეთ გალობა”, წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატი ტორესა მოსი.
კომენტარები