NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

11 აპრ 2021 კულტურა 571 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მავნე ყვავილი

პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. მიყვარდა ჩემ პატარა დაიკოსთან ერთად სეირნობა და ამ საქმეში ხშირად მეგობრებიც “მეხმარებოდნენ“. გაზაფხულის ერთ ნაწვიმარ დღეს მე და ჩემი დაქალი ვაკეში, ჭავჭავაძის პროსპექტზე დავსეირნობდით. ოთხი წლის ნანიკოს ორივე მხრიდან ჩავჭიდეთ ხელი და ჭორაობის მორევში გადავეშვით. ნანიკო არ გვაწუხებდა, გამვლელებს თვალს აყოლებდა და ღიღინებდა. მახსოვს, ვაკის ერთი მეტიჩარა გოგოს ცხოვრებას ”განვიხილავდით“. ამ დროს ვიღაც სიმპათიური, ქოჩორა ყმაწვილი წამოგვეწია. ბავშვის ფეხსაცმელი გამოგვიწოდა და თქვენი ხომ არ არისო, გვკითხა. ჭორიკნები სწრაფად დავუბრუნდით რეალობას, დავხედეთ ნანიკოს, რომელიც სველ ფილაქანზე შიშველ ფეხებს ატყაპუნებდა, და ცალი ფეხსაცმელი კი არა, მეორეც აღარ ეცვა… უხერხულობისგან სიცილი დავიწყეთ, გამვლელებიც აგვყვნენ და სულ მთლად აგვებნა თავგზა. უცნობი ყმაწვილი ფეხს ითრევდა, წასვლას არ ჩქარობდა, მაგრამ მისთვის ვის ეცალა… ბოლოს ეტყობა ეწყინა, ყურადღება რომ არ მივაქციეთ, მეორე არ მიპოვიაო, წაილუღლუღა და მადლობის თქმაც ვერ მოვასწარით, ისე გაუჩინარდა. ფეხსაცმელებიც დავკარგეთ და ქოჩორა ბიჭიც…
**************
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ძალიან დიდი. უნივერსიტეტი დავამთავრეთ, გავთხოვდით, შვილებიც გვეყოლა, შვილიშვილებიც და ბებიობაც მოვიხდინეთ. ჩემი დაქალი პროფესორი გახდა და მრავალი წიგნის ავტორიც. მოუცლელობის გამო თავისიანებს ხშირად ვერ ნახულობდა და ერთ მშვენიერ დღეს, ქალიშვილმა რომ დაურეკა, სტუმრად მივდივართ და დემეტრეს ხომ არ დაიტოვებო, სიხარულით დათანხმდა. შვილიშვილთან გატარებული ყოველი წუთი ბედნიერებად მიაჩნდა. დემეტრე ვერცხლისწყალივით მოუხელთებელი ბიჭი იყო, ცელქი და მოუსვენარი. იმ საღამოს კარგახანს ითამაშეს და ორივე დაიღალა.მოდი, ცოტა დავისვენოთ, ტელევიზორს ვუყუროთო, განაცხადა ბებომ და სავარძელში ჩაბრძანდა. დემეტრე კი იქვე, ტახტზე წამოსკუპდა. ტელევიზორში სასაცილო ამბებს ყვებოდნენ, ჩემი დაქალი გულიანად კისკისებდა და ვერ შენიშნა, როგორ მიეპარა უკნიდან შვილიშვილი და სავარძლის საზურგეს დაეკიდა. სავარძელი აყირავდა, ბებომ თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით დაენარცხა იატაკს… წამით თვალებში დაუბნელდა, მაგრამ გონს მოვიდა თუ არა, წამოდგომა დააპირა. ვერ შეძლო. ცხადია, დემეტრე ვერაფერს უშველიდა და თავად იყოჩაღა. ცოცვა– ცოცვით მიაღწია ტახტამდე, მერე ცოტა შეისვენა და აღარ ახსოვს, როგორ მოახერხა წამოწოლა. მთელი სხეული სტკიოდა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ბიჭი დარბოდა ოთახში და იცინოდა. უცებ ბებოსთან მიირბინა, ჩაეხუტა, კისერში აკოცა და ჩასჩურჩულა– მე და მამიკო ომში მივდივართ და ხომ წამოხვალო… .
***************
ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. სიყმაწვილეში არასოდეს მიოცნებია სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე და სიცოცხლის ბოლო წლებს უცხოეთში თუ გავატარებდი, ნამდვილად არ მეგონა. არადა, რვა წელია ამერიკაში ვარ და რვა წელია ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ – დღისით სან ფრანცისკოში ვარ და ღამით თბილისში, სიზმრები ერთმანეთს ენაცვლებიან და თვალწინ მიცოცხლდება წარსულის სურათები…
შვიდი წლის ვარ. საღამოა. ჩემ მამობილს სამსახურიდან მოსვლა დააგვიანდა. დედა წუხს. სულ კედლისკენ იხედება, საათს შესცქერის. მეც მოვიწყინე და ვეკითხები– წავიდეთ? წავიდეთო. ორ წუთში მზად ვიყავი. ზემელზე ვცხოვრობდით და ფეხით გავუყევით რუსთაველის გამზირს. ჩავუარეთ მამობილის სამსახურს და, როგორც ყოველთვის, ”ლაღიძის წყლებთან” შევჩერდით. დედა რიგში ჩადგა. მე კი იქვე, გვერდით კიბეებს ჩავუყევი და კარი შევაღე, შესასვლელს დიდი ასოებით ეწერა “საბილიარდო,” რომელსაც დედაჩემი პლატონიჩის საყვარელ “დაწესებულებას” ეძახდა. მამაკაცებით სავსე, ვრცელი დარბაზი მუდამ თამბაქოს ბოლში იყო გახვეული და სათამაშო ბურთების ჭახა– ჭუხი ისმოდა. გავხედე თუ არა იქაურობას, ერთ– ერთ მაგიდასთან პლატონიჩი დავინახე. მივირბინე, ჩავეხუტე და ჩუმად ვუთხარი, მე და დედიკო ზემოთ გელოდებით– მეთქი. ფეხდაფეხ მომყვა. ლაღიძის წყალი მივირთვით და შინისკენ წავედით. ჩემები ერთმანეთს თვალს არიდებდნენ და თან ეღიმებოდათ. მე კი მაინც დავიძაბე, ვგრძნობდი, რომ დედა არ იყო გუნებაზე, სწყინდა, დაღლილი მეუღლე სამსახურიდან საბილიარდოსკენ რომ გაუხვევდა ხოლმე, მაგრამ არ იმჩნევდა, იცოდა, რომ მათი უსიამოვნო საუბარი საშინლად მტკენდა გულს და ჩემი ტირილით მთავრდებოდა. მშვიდი და უწყინარი კაცი იყო პლატონიჩი. ასე მშვიდად გამოგვეთხოვა ჩვენც. მივდივარო, მითხრა დანანებით, თითქოს შემომჩივლა… ვერ შევეჩვიე უმისობას, ახლაც მენატრება. უკვე დიდი ვიყავი, დედას რომ ვკითხე, რატომ არ მესიზმრება– მეთქი. ძალიან უყვარხარ და გიფრთხილდება, რომ არ იტიროო…დავიჯერე. მისგან არც ეს გამკვირვებია.
**************
უნივერსიტეტს ვამთავრებდით, ჯგუფელი რომ გაგვითხოვდა. ჯვარი ქაშვეთში დაიწერეს და სიძემ დაიჩემა, ახლა მცხეთაში გავისეირნოთო. ულამაზესი იყო მცხეთის გზა. ყვითელი ყვავილებით ” მოქარგული” მწვანე ბუჩქები მზის სხივებზე კოცონივით ელვარებდნენ. შეხედეთ, შეხედეთ, რა ლამაზია იელი– მეთქი, – ვერ დავმალე აღტაცება. მძღოლმა მანქანა გააჩერა და ხუთ წუთში ვეებერთელა თაიგულით დაგვიბრუნდა. ვგიჟდებოდი იელზე, მანქანაში საოცარი სურნელი დატრიალდა. ჩავიხუტე ყვავილები და ჩემ დაქალსაც ჩავუწყვე კალთაში. ცოტახანში რომ გავხედე, ვეღარ ვიცანი– სახე შეუშუპდა, თვალები ჩაუწითლდა და ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები, თან ზედიზედ აცემინებდა… შიშისგან ენა ჩამივარდა, თავად კი მამშვიდებდა, ნუ ღელავ, ეს ალბათ ალერგიააო… რაღა გვექორწილებოდა, მოვაბრუნეთ მანქანა და გავქანდით თბილისისკენ. სულ მალე ერთ ოჯახში ბოტანიკოსი გავიცანი. ეს ამბავი რომ მოვუყევი, ბევრი იცინა, და მერე მკითხა, იელი რა შუაშია, ეგ ხომ კურდღლისცოცხაა, მავნე და შხამიანი ყვავილიო… სახელმა სულ გადამრია და იმ დღიდან ჩემ “სამარცხვინო რჩეულს” ახლოს აღარ გავკარებივარ, როგორც იმ მავნე სუბიექტებს, ცხოვრებაში რომ გადავეყარე სხვაგან, სხვა დროს და არაერთგზის…

კომენტარები

ლილი ფოფხაძე 2021-04-11
ნინო ჩხეიძე
Tags ლილი ფოფხაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

შემდეგი სტატია

“ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

მსგავსი სტატიები

ინტერვიუ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან

ინტერვიუ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან

ნინო ჩხეიძე 15 თებ 2021

ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო Victoria’s Secret-ის ახალ სექსუალურ ფოტოსესიაში

12 ოქტ 2017

Björk-ს ერთი განსაკუთრებული სურვილი აქვს

27 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge