“მიუხედავად ფულის გათეთრების ნიშნებისა, ჟენევის ბანკმა, საეჭვო 700 მილიონი დოლარის შესახებ ხელისუფლებას არ აცნობა. ახლა ეს შეიძლება ძვირად დაუჯდეს ბანკის ორ თანამშრომელს”, – წერს შვეიცარიული გაზეთი Tages-Anzeiger.
”ზუსტად 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს, თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა გამოძიების მასალები, რომელიც ეყრდნობოდა “პანამური დოსიე”-დან გაჟონილ ფაქტებს. ამ საქმესთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, სასამართლოს წინაშე წარდგება შვეიცარული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ხელისუფლების მხედველობის არეალში პანამის იურიდიული კომპანიის სენსაციური დოკუმენტების გამო მოხვდა. საუბარია Société Générale ყოფილ ხელმძღვანელზე,” – წერია გამოცემაში.
”შარშან ზაფხულში, ბანკის ყოფილ მმართველსა და ბანკის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ფულადი ჯარიმების გადახდა მიუსაჯეს, რადგან მათ ფულის სავარაუდო გათეთრების შესახებ ხელისუფლებას არ აცნობეს. ორივემ, 30 ათასი და 60 ათასი ფრანკის ჯარიმა გაასაჩივრა, ახლა საქმე განიხილება ბელინცონაში, სისხლის სამართლის ფედერალურ სასამართლოში “, – ნათქვამია სტატიაში.
“დაახლოებით 10 წლის წინ, ბანკ Société Générale-ს უნდა გადაეწყვიტა რა ექნა რთული კლიენტისთვის, რომელიც რუსეთიდან იყო, სახელად სერგეი პუგაჩოვი, მეტსახელად – “პუტინის ბანკირი””, წერია გამოცემაში.
“მოკლედ კი პუგაჩოვის ამბავი ასე გამოიყურება: ოლიგარქი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო წრეში ტრიალებდა. მაგრამ, შემდეგ ის კრემლში არასასურველი აღმოჩნდა და ევროპაში გაიქცა – ჯერ ინგლისში და ახლა ის საფრანგეთის სამხრეთით მდებარე მამულში ცხოვრობს. რუსეთი, პუგაჩოვს სახელმწიფო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს, საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე. ეს ის თანხაა რომელიც რუსეთმა 2008 წელს პუგაჩოვის მაშინდელ ბანკში “Межпромбанк” ჩადო, რათა ის კოლაფსისგან ეხსნა”.
“2010 წლის ბოლოს, “Межпромбанк”, მიუხედავად სახელმწიფო მხარდაჭერისა, სკანდალურად გაკოტრდა. რუსეთში გავრცელებული აზრით, საკუთარი ბანკის გაკოტრებაზე გამდიდრდა თავად პუგაჩოვი. ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ, 2008 წელს მან დიდი თანხა საზღვარგარეთ გაიტანა. 700 მილიონ დოლარზე მეტი თანხა შეტანილი იქნა ჟენევის ბანკის, Société Générale-ის ანგარიშზე”.
“როცა 2011 წლის დასაწყისში რუსებმა პუგაჩოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ჟენევაში 700 მილიონი დოლარის მხოლოდ მცირე ნაწილი იდო. სულ მცირე, იმ მომნტში, Société Générale-ის პასუხისმგებელ პირებს ეს საქმე საფუძვლიანად უნდა შეესწავლათ და ეცნობებიათ ფულის გათეთრების ეჭვების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის შვეიცარიის ფინანსური დეპარტამენტის (EFD) აზრი. ”
“2013 წელს Société Générale-ს მიმართა ჟენევის პროკურატურამ და პუგაჩოვის ანგარიშების შესახებ დოკუმენტები მოთხოვა. ჟენევის პროკურატურის მოთხოვნა ეყრდნობოდა რუსეთის მხრიდან იურიდიული დახმარების თხოვნის საფუძველს.
”სამწუხაროა, რომ კლიენტთან ურთიერთობის დასრულება ვერ შევძელით”, – თქვა მაშინ ბანკის კონტროლის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა, რომელიც ახლა სასამართლოს წინაშე წარდგება. სინამდვილეში, Société Générale, EFD რეგულაციის თანახმად, 2012 წლიდან ცდილობდა პუგაჩოვთან თანამშრომლობის დასრულებას. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა რადგან რუსეთის მოქალაქემ საჭირო დოკუმენტებს ხელი არ მოაწერა. ”
დღეს, ბანკის ორივე თანამშრომელი ბრალდებებს უარყოფს.
კომენტარები