ფრთხილად, მოხუცებო!
თვალი გავახილე. სადა ვარ? ჩემი საწოლი ავანსცენაზე დგას. უკან, ფარდებს მიღმა, კულისებია. წინ, პატარა დარბაზში, ჩემთან ახლოს, თეთრხალათიანები სხედან… აშკარაა, ეს საავადმყოფოა – საავადმყოფო ძველ შენობაში, რომელიც ადრე თეატრს ეკუთვნოდა… ღმერთო ჩემო, თეატრი რამ გამახსენა, ეშმაკმა უწყის, წინათ აქ რა იყო… ბუნდოვნად მახსოვს საოპერაციო… ექიმები… მწვანე მინდორი…ნეტა რამდენ ხანს მეძინა? ჩემ წინ ახალგაზრდა ექთნები სხედან. ხმადაბლა ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც მესმის… არა, გენაცვალე, არ მჯერა მე მაგ ქალის კეთილშობილების, თავაზიანი ღიმილის, ეგ ყველაფრის მკადრებელია. შვილებიც თაღლითები ჰყავს. გახსოვს, ორკაციანი პალატა რომ იუკადრისეს და მთელი საავადმყოფო ფეხზე დააყენეს… უცებ თავზარი დამეცა. რა ხდება, ჩემზე ლაპარაკობენ, ჩემზე და ჩემ შვილებზე…ჩვენ დავიწუნეთ პალატა, რომელშიც უმძიმესი ავადმყოფი იწვა… ამ დროს დარბაზში ახალგაზრდა ექიმი შემოვიდა და წერილი გადასცა გოგოებს – წაიკითხეთ, ჩემმა ბიჭებმა გამოგვიგზავნეს. ხვალ დილით აქ იქნებიან. ყველაფერი გათვლილი აქვთ – ღამით კარს ჩავრაზავთ, მაგ ქალბატონს, დაიძინებს თუ არა, მდუღარე წყალს გადავასხამთ თავზე, სიკვდილი რომ გაუიოლდეს, და მერე შვილებს მივხედავთო…უცებ რაღაცამ წამომაგდო ლოგინიდან, მაგრამ ფეხზე დადგომა ვერ შევძელი. ვერც ტელეფონით დავურეკე შვილებს, ხელები მიცახცახებდა და დავიწყე ყვირილი: არამზადებო, მე ყველაფერი გავიგონე, ვიცი რასაც აპირებთ! ხელი არ დამაკაროთ! ხუთ წუთში პალატა სავსე იყო თეთრხალათიანებით. ვიღაცამ ხელით მანიშნა, ჩუმად, ნუ ყვირიო, და კარი მოხურა. კარი გააღეთ- მეთქი, დავიკივლე და თვალებში დამიბნელდა…
ეტყობა ვკვნესოდი. საკუთარმა ხმამ გამაღვიძა. ვწევარ ძალიან დაღლილი და დასუსტებული. შვილები გვერდით მისხედან. გაფითრებული შემომცქერიან. უფროსი ცრემლებს ძლივს იკავებს, უმცროსმა შემატყო, რომ ლაპარაკს ვაპირებდი და დამასწრო: რა მოხდა, დედა, რა დაგემართა, ასე რატომ განერვიულდი. აბა დაფიქრდი, სადა ხარ, გაიხსენე აქ რატომ ხარ…გუშინ საკმაოდ რთული “პროცედურა” ჩაგიტარეს, ოთხ საათს გაგრძელდა. აწი გული აღარ შეგაწუხებს. ექიმმა გვითხრა, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მალე გაუვლისო. მე მეცინება: ეგ რა შუაშია, შვილო, ჩემი ყურით გავიგონე, ჩვენი დაყაჩაღება სურთ, მე მოკვლას მიპირებენ, თქვენ კი ფულის გამოძალვას… ვიღაც ბიჭები დაიქირავეს… კარგი რა, დედა, ეს საიდან შეიტყვე, შენ ინგლისური არ იცი, მაგათ – ქართული…რას ამბობ, შვილო, ეგ ტყუილია, გადასარევად იციან ქართული და ლაპარაკობენ კიდეც, მაგრამ ჩვენ გვიმალავენ… მე თვალები ცრემლებით მევსება, არ მიჯერებენ, როგორ დავარწმუნო შვილები, რომ არაფერი მომჩვენებია, რომ ცამდე მართალი ვარ… ვჩუმდები. ასე აჯობებს.
ახლა იმ დღეებს ღიმილით ვიგონებ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, რა იყო ეს – სიზმრები თუ ზმანებები… როგორც იქნა, გავექეცი ამ ”გაუგებრობას”, დავმშვიდდი და დავუბრუნდი საკუთარ თავს. ლუკა, ჩემი შვილიშვილი, ხშირად მნახულობდა. პალატაში მარტო ვიყავი და სალაპარაკო არ გველეოდა, თუმცა ვინ გვაცლიდა- მოვიდოდა თუ არა, თითქოს უკან მოჰყვებოდნენ მისი ტოლი გოგოები – ზოგი ექიმი,ზოგი ექთანი, მომიკითხავდნენ, როგორ ბრძანდებითო, და ოთახიდან აღარ გადიოდნენ. მე კი ვხვდებოდი, რატომაც წრიალებდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვიმჩნევდი. ერთხელაც, მარტო რომ დავრჩით, კარებში აისვეტა ჭაღარა მამაკაცი, უცებ ვერ ვიცანი, მაგრამ მერე მომაგონდა, რომ ეს ყავარჯნებზე ჩამოკონწიალებული ბერიკაცი ყოველდღე ჩერდებოდა ჩემ პალატასთან, რუსულად მომიკითხავდა, როგორა ხართო, მლოცავდა, მერე პირჯვარს იწერდა და უჩინარდებოდა. ახლაც ჩაატარა ეს რიტუალი და წავიდა თუ არა, გაოცებულმა ლუკამ იკითხა, ეგ ვინღააო… გავეხუმრე, ჩემი თაყვანისმცებელია- მეთქი. ეს რომ შვილებმა შეიტყვეს, ერთი ამბავი ატეხეს, გადამეკიდნენ, ჩვენ ხომ შენიანები ვართ, გვითხარი, იმ კაცს აქ რა უნდოდაო…დავიწყე თავის მართლება, რა გინდათ, რას გადამეკიდეთ, რა ვიცი ვინ ოხერია, ხომ ხედავთ, ფეხზე ვერ ვდგები, ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა- მეთქი. ისე, კი გამკრა გულში, თუ მართლა ზემოდან გამომიგზავნეს, რაღა დაფეხვილი შემომაჩეჩეს, რას მერჩოდნენ- მეთქი. ლუკა მაინც არ ისვენებდა, ბებო, მოყევი, თუ ღმერთი გწამს, როგორ “შეაბი” ეს სიმპათიური ჯეელიო. შებმულს რა უგავს, შვილო, პირიქით – აშვებულია და იმიტომ დაეხეტება უგზოუკვლოდ- მეთქი.
იმ ღამით, როცა ჩემმა გულმა იყოჩაღა და აპარატზე სასურველი მონაცემები დაიწერა, კარდიოლოგს შინ დაურეკეს და დილაადრიან დაგვადგა თავზე. მომესალმა და გულის აპარატს შეხედა თუ არა, ეს სამოცდაათი წლის სიტყვაძუნწი მამაკაცი, ლორდივით წარმოსადეგი და ზედმიწევნით სერიოზული, სიხარულისგან ბებერი კურდღელივით დახტოდა და “ვერი გუდო”, იძახოდა. ერთი ნოველა გამახსენდა. სოფელში ჭაღარა, ასაკოვანი ქალბატონი ხიდან ჩამოვარდა და ვიდრე სულს განუტევებდა, მოასწრო და აკეცილი კაბის კალთა ფეხებზე გადაიფარა. ამ უნებურ და მოკრძალებულ საქციელში მთელი მისი ცხოვრება ”ჩაეტია”. გაოცებული შევცქეროდი ჩემ ექიმს და ვფიქრობდი, ეს რა სიცილი და აღტაცება შესძლებია სხვისი კარგად ყოფნის გამო ამ პირქუშ კაცს – მეთქი. ადამიანი წვრილმანებში ”მჟღავნდება”. ზოგჯერ სულ პატარა ნიუანსი, ცხოვრების ერთი ბეწო “ჩამონატეხი” უფრო მეტს ამბობს მასზე, ვიდრე ბიოგრაფია ან თუნდაც უსაშველოდ გრძელი თავგადასავალი… . ტკბილია სიცოცხლე. მასთან გამოთხოვება ყველას უჭირს. ყველას ახარებს ამომავალი მზის სხივები და მინდორში მიმოფანტული წითელი ყაყაჩოები… ერთ ხანდაზმულ მსახიობს უთქვამს: ზოგიერთები სამოცდაათ, ოთხმოც წლამდე ცოცხლობენ და გამუდმებით რაღაც ახლის მოლოდინში არიან. ამათ, სადაც ნახავ, იქვე უნდა გააცხებინო სული ან ერთი მაგრად მიბეგვო, გონს რომ მოეგონო…ამ ღიმილიან სტრიქონებს მეც ღიმილით დავამთავრებ – ფრთხილად, მოხუცებო, ასეთებს ერიდეთ!
კომენტარები