ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, ერთი დღით ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნაზე უარი თქვა. მსგავსი უარი თვეების წინ მიიღეს იმ რელიგიურმა კონფესიებმაც, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამჯერადაც და მაშინაც მთავრობამ მიზეზად კორონავირუსის გავრცელების რისკები დაასახელა.
“კულტურულ-რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე, ხალხმრავლობიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია, მსგავს დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არაა”, — განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარჩიაშვილმა.
ეს იმ ფონზე, როცა 6-7 იანვრის, მართლმადიდებელი ქრისტიანების შობის ღამეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვა მოიხსნა. იმ პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკა ბევრად მაღალი იყო და შეზღუდვებიც ბევრად უფრო მკაცრი.
გამონაკლისი დაუშვეს არამხოლოდ დომინანტური რელიგიური ჯგუფისთვის, არამედ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც — 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დამსწრეებს, რომლებსაც ბილეთი ექნებათ, ე.წ. კომენდანტის საათი არ შეეხებათ.
ნოვრუზ ბაირამის შემთხვევაში მთავრობას არ დაუშვია გამონაკლისი არც ერთჯერად საშვებზე, როგორც, მაგალითად, 25 დეკემბერს, როცა რელიგიურ კონფესიებს სწორედ ეს გამოსავალი შესთავაზეს. ამ თემასთან დაკავშირებით On.ge-ს კითხვების დასმა სურდა მთავრობის წარმომადგენლებისთვის, თუმცა პრესსამსახურმა არც სატელეფონო ზარებსა და არც შეტყობინებებს არ უპასუხა. ერთჯერადი საშვის გაცემაზე ინფორმაცია არ აქვთ 144-ის ცხელ ხაზზე.
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები